სამოქმედო გეგმა:
თავი 3

ადამიანის უფლებები და სამართალდამცავი სისტემა

ძირითადი მიგნებები

ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის მესამე თავი თითქმის მთლიანად შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გატარებულ რეფორმებს და ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის თვალსაზრისით გატარებულ ღონისძიებებს. თავის მიზნები მოიცავს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა უფლებების, საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური და კვებითი პირობების გაუმჯობესებას, იძულების ღონისძიებების ადეკვატური გამოყენებისა და  პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას, გადაცდომებზე რეაგირების სისტემის დახვეწასა და სამართალდამცავ სისტემაში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

ერთობლიობაში დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ძალისხმევა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაწია ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით არაერთი ღონისძიება განხორციელდა, რომლებიც სამართალდამცავ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს აუმჯობესებს.

საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა - გარემონტდა იზოლატორების შენობები, მოეწყო სამედიცინო პუნქტები. ამასთან, ზოგიერთი იზოლატორი კვლავ არ აკმაყოფილებს სტანდარტებს - საპირფარეშოები არ არის იზოლირებული, ზოგიერთ იზოლატორს არ აქვს სასეირნო ეზო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალში დაგეგმილია სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყველა იზოლატორში, ვიმედოვნებთ, მათ ფარგლებში მოხერხდება არსებული პრობლემების მოგვარება და ყველა იზოლატორის საყოფაცხოვრებო-ჰიგიენური პირობები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

ასევე მისასალმებელია, რომ ყველა დროებით მოთავსების იზოლატორში უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამასთან, დაგეგმილია ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორის სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტება, რაც შესაბამისი პროფესიული მომზადების პირობებში დადებითად აისახება როგორც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, ისე მის ხარისხზეც.  დაზიანებების დოკუმენტირების თვალსაზრისით პრობლემები კვლავ რჩება, რომელთა აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა და ამ უკანასკნელთა რეგულარული ინტენსიური გადამზადება სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებულ მეთოდოლოგიაში.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ მოუგვარებელია დროებით მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფის პრობლემა, თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ბოლომდე ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებაც იგეგმება - მშრალი ულუფების ნაცვლად ზოგიერთ იზოლატორში მოთავსებული პირები უზრუნველყოფილი იქნებიან საქვაბე კვებით.

საანგარიშო პერიოდში განისაზღვრა სამხრე ვიდეოკამერით მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესი, თუმცა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, პატრული პოლიციელებისთვის, მოქალაქესთან ურთიერთობისას, ვიდეოჩანაწერის განხორციელება სავალდებულო არ გამხდარა. აღნიშნული ცვლილება კი მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების, ისე პოლიციელთათვის სათანადო გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.

საანაგარიშო პერიოდში არაერთი პოლიციის განყოფილება იქნა ეკიპირებული ვიდეოკამერებით; შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში აღნიშნული პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. სამწუხაროა, რომ ვიდეოკამერებით ეკიპირების პარალელურად, დღემდე არ მომხდარა მათი ფუნქციონირების წესის განსაზღვრა, თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, ნორმატიულ აქტში შესაბამისი ცვლილების პროექტი უკვე მომზადებულია.

მისასალმებელია, რომ პოლიციის აკადემიის სასწავლო კურსი მოიცავს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპების, ისევე, როგორც ძალის გამოყენების მეთოდების სავალდებულო სწავლებას. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა და ძალის გადამეტების პრევენციის თვალსაზრისით, ასევე სასურველია მოქმედი პოლიციელების რეგულარული და სავალდებულო გადამზადება იმავე თემატიკაზე.

საანგარიშო პერიოდში მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი გადაცდომების გამოვლენისა და აღმოფხვრის მექანიზმის დასახვეწად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა განხილული საჩივრების, ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი გადაცდომებისა და დაკისრებული დისციპლინური სასჯელების თვალსაზრისით. ამჟამად მიმდინარეობს გენერალური ინსპექციის რეფორმა, რომელიც, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, საგრძნობლად გააუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას.


თავის მიზნები

მიზანი 3.1
დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 3.2
ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა