ძირითადი მიგნებები
ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის მესამე თავი თითქმის მთლიანად შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გატარებულ რეფორმებს და ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის თვალსაზრისით გატარებულ ღონისძიებებს. თავის მიზნები მოიცავს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა უფლებების, საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური და კვებითი პირობების გაუმჯობესებას, იძულების ღონისძიებების ადეკვატური გამოყენებისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას, გადაცდომებზე რეაგირების სისტემის დახვეწასა და სამართალდამცავ სისტემაში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.
ერთობლიობაში დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ძალისხმევა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაწია ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით არაერთი ღონისძიება განხორციელდა, რომლებიც სამართალდამცავ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს აუმჯობესებს.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საანგარიშო პერიოდში პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები, მათ შორის, 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის ფაქტი, რომელიც დღემდე სათანადოდ არ არის გამოძიებული და მოწმობს, რომ იძულების ღონისძიებების მართლზომიერი გამოყენება და პროპორციულობის პრინციპის დაცვა კვლავ პრობლემურია და უწყების მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს.
საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა - გარემონტდა იზოლატორების შენობები, მოეწყო სამედიცინო პუნქტები. ამასთან, ზოგიერთი იზოლატორი კვლავ არ აკმაყოფილებს სტანდარტებს - საპირფარეშოები არ არის იზოლირებული, ზოგიერთ იზოლატორს არ აქვს სასეირნო ეზო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალში დაგეგმილია სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყველა იზოლატორში, ვიმედოვნებთ, მათ ფარგლებში მოხერხდება არსებული პრობლემების მოგვარება და ყველა იზოლატორის საყოფაცხოვრებო-ჰიგიენური პირობები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.
ასევე მისასალმებელია, რომ ყველა დროებით მოთავსების იზოლატორში უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამასთან, დაგეგმილია ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორის სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტება, რაც შესაბამისი პროფესიული მომზადების პირობებში დადებითად აისახება როგორც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, ისე მის ხარისხზეც. დაზიანებების დოკუმენტირების თვალსაზრისით პრობლემები კვლავ რჩება, რომელთა აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა და ამ უკანასკნელთა რეგულარული ინტენსიური გადამზადება სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებულ მეთოდოლოგიაში.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ მოუგვარებელია დროებით მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფის პრობლემა. სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ბოლომდე ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებაც იგეგმებოდა - მშრალი ულუფების ნაცვლად ზოგიერთ იზოლატორში მოთავსებული პირები უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყვნენ საქვაბე კვებით. თუმცა, 2019 წელსაც გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ყველა იზოლატორის, მშრალი ულუფების ნაცვლად, საქვაბე კვებით უზრუნველყოფის საკითხი.
საანგარიშო პერიოდში განისაზღვრა სამხრე ვიდეოკამერით მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესი, თუმცა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, პატრული პოლიციელებისთვის, მოქალაქესთან ურთიერთობისას, ვიდეოჩანაწერის განხორციელება სავალდებულო არ გამხდარა. აღნიშნული ცვლილება კი მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების, ისე პოლიციელთათვის სათანადო გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.
საანაგარიშო პერიოდში არაერთი პოლიციის განყოფილება იქნა ეკიპირებული ვიდეოკამერებით; შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში აღნიშნული პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. მართალია, საანგარიშო პერიოდში განისაზღვრა პატრულ-ინსპექტორთა მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, თუმცა დღემდე პრობლემად რჩება სამართალდამცავთა მიერ ასეთი კომუნიკაციისას ვიდეოგადაღების სავალდებულოობის საკითხი. ასევე, დღემდე გადაუჭრელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში ვიდეოკამერების მონტაჟის საკითხი, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მოწმეს, ბრალდებულს და ა.შ., უწევთ ყოფნა.
მისასალმებელია, რომ პოლიციის აკადემიის სასწავლო კურსი მოიცავს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპების, ისევე, როგორც ძალის გამოყენების მეთოდების სავალდებულო სწავლებას. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა და ძალის გადამეტების პრევენციის თვალსაზრისით, ასევე სასურველია მოქმედი პოლიციელების რეგულარული და სავალდებულო გადამზადება იმავე თემატიკაზე.
საანგარიშო პერიოდში მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი გადაცდომების გამოვლენისა და აღმოფხვრის მექანიზმის დასახვეწად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა განხილული საჩივრების, ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი გადაცდომებისა და დაკისრებული დისციპლინური სასჯელების თვალსაზრისით. განხორციელდა გენერალური ინსპექციის რეფორმა, რომლითაც გარკვეულწილად გაუმჯობესდა არსებული მდგომარეობა.