სამოქმედო გეგმა:
თავი 3

ადამიანის უფლებები და სამართალდამცავი სისტემა

ძირითადი მიგნებები

ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის მესამე თავი თითქმის მთლიანად შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გატარებულ რეფორმებს და ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის თვალსაზრისით გატარებულ ღონისძიებებს. თავის მიზნები მოიცავს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა უფლებების, საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური და კვებითი პირობების გაუმჯობესებას, იძულების ღონისძიებების ადეკვატური გამოყენებისა და  პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას, გადაცდომებზე რეაგირების სისტემის დახვეწასა და სამართალდამცავ სისტემაში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

ერთობლიობაში დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ძალისხმევა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაწია ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით არაერთი ღონისძიება განხორციელდა, რომლებიც სამართალდამცავ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს აუმჯობესებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ უფრო სავალალოა, რომ უწყების მიერ მიღწეულ პროგრესს საგრძნობლად აფერხებს  საანგარიშო პერიოდში პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების სისტემური ხასიათი, მათ შორის, 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის ფაქტი, რომელიც დღემდე სათანადოდ არ არის გამოძიებული, ასევე, 2019-2020 წლებში არაერთი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ არაპროპორციული, ხშირ შემთხვევაში, უკანონო ძალის გამოყენების პრაქტიკა, რაც მოწმობს, რომ იძულების ღონისძიებების მართლზომიერი გამოყენება და პროპორციულობის პრინციპის დაცვა კვლავ პრობლემურია და უწყების მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების არამართლზომიერი დევნისა და შევიწროების გახშირებული ფაქტები უწყების საქმინობის პოლიტიზირებაზე მიუთითებს. 

საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა - გარემონტდა იზოლატორების შენობები, მოეწყო სამედიცინო პუნქტები. 2020 წელს გაიხსნა ახალი, საერთაშორისო სტანდარებთან შესაბამისი დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება ქ. თბილისში. მისასალმებელია, რომ სამინისტრომ გაითვალისწინა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაცია დამატებითი საწოლების მოხსნის თაობაზე და 2020 წლის განმავლობაში, 7 იზოლატორში განხორციელდა საკნებში ასეთი საწოლების დემონტაჟი.

ამასთან, ზოგიერთი იზოლატორი კვლავ არ აკმაყოფილებს სტანდარტებს - საპირფარეშოები არ არის იზოლირებული, ზოგიერთ იზოლატორს არ აქვს სასეირნო ეზო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალში დაგეგმილია სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყველა იზოლატორში, თუმცა, სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, დროებითი მოთავსების მთელ რიგ იზოლატორებში კვლავ რჩება განათებისა და ვენტილაციის, სანიტარული კვანძების, შშმ პირებზე ადაპტირების და სხვა პრობლემები. პოლიციის რიგ განყოფილებებში კვლავ პრობლემურია შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეო მეთვალყურეობაც.

ასევე, მისასალმებელია, რომ თითქმის ყველა დროებით მოთავსების იზოლატორში უზრუნველყოფილია ადგილზე სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. თუმცა ამ კუთხით კვლავ რჩება გამოწვევები. ამასთან, დაგეგმილია ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორის სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტება, რაც შესაბამისი პროფესიული მომზადების პირობებში დადებითად აისახება როგორც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, ისე მის ხარისხზეც.  დაზიანებების დოკუმენტირების თვალსაზრისით პრობლემები კვლავ რჩება, რომელთა აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა და ამ უკანასკნელთა რეგულარული ინტენსიური გადამზადება სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებულ მეთოდოლოგიაში.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ მოუგვარებელია დროებით მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფის პრობლემა. სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ბოლომდე ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებაც იგეგმებოდა - მშრალი ულუფების ნაცვლად ზოგიერთ იზოლატორში მოთავსებული პირები უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყვნენ საქვაბე კვებით. თუმცა, 2020 წლის მდგომარეობით საქვაბე კვება, მხოლოდ თბილისის ახლდ განხსნილ იზოლატორშია ხელმისაწვდომი. შესაბამისად, კვლავ პრობლემად რჩება ყველა იზოლატორის, მშრალი ულუფების ნაცვლად, საქვაბე კვებით უზრუნველყოფის საკითხი.

საანგარიშო პერიოდში განისაზღვრა სამხრე ვიდეოკამერით მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესი, თუმცა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, პატრული პოლიციელებისთვის, მოქალაქესთან ურთიერთობისას, ვიდეოჩანაწერის განხორციელება სავალდებულო არ გამხდარა. აღნიშნული ცვლილება კი მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების, ისე პოლიციელთათვის სათანადო გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.

საანგარიშო პერიოდში არაერთი პოლიციის განყოფილება იქნა ეკიპირებული ვიდეოკამერებით; შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში აღნიშნული პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა.  მართალია, საანგარიშო პერიოდში განისაზღვრა პატრულ-ინსპექტორთა მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, თუმცა დღემდე პრობლემად რჩება სამართალდამცავთა მიერ ასეთი კომუნიკაციისას ვიდეოგადაღების სავალდებულოობის საკითხი. ასევე, დღემდე გადაუჭრელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში ვიდეოკამერების მონტაჟის საკითხი, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მოწმეს, ბრალდებულს და ა.შ., უწევთ ყოფნა.

მისასალმებელია, რომ პოლიციის აკადემიის სასწავლო კურსი მოიცავს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპების, ისევე, როგორც ძალის გამოყენების მეთოდების სავალდებულო სწავლებას. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა და ძალის გადამეტების პრევენციის თვალსაზრისით, ასევე სასურველია მოქმედი პოლიციელების რეგულარული და სავალდებულო გადამზადება იმავე თემატიკაზე.

 

რეკომენდაციები

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

საქართველოს პროკურატურას 

სახელმწიფო ინსპექტორს 

  • სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამატების ფაქტების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • განაგრძოს ძალისხმევა ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორის საყოფაცხოვრებო პირობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით;
  • უზრუნველყოს დმი-ებში მოთავსებული პირებისთვის ადეკვატური და სრულფასოვანი  საკვების მიწოდება;
  • პოლიციის ყველა განყოფილებაში უზრუნველყოს შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემით  სრული დაფარვა;
  • უზრუნველყოს კრიმინალური პოლიციის სამხრე კამერებით აღჭურვა და ნორმატიული აქტით გაითვალისწინოს სამხრე  კამერებით ვიდეოგადაღების სავალდებულო წესი;
  • გააგრძელოს თანამშრომლების  რეგულარული და სავალდებულო გადამზადება ადამიანის უფლებების და თანასწორობის პრინციპებსა და ძალის გამოყენების მეთოდებში.

 


თავის მიზნები

მიზანი 3.1
დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 3.2
ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა