2016-17 წლების სამოქმედო გეგმის მსგავსად, ამჯერადაც, გეგმის მე-4 თავის პრიორიტეტს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად (მიზანი 4.1), მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება (მიზანი 4.2), ბრალდებულ/მსჯავრდებულთა (მიზანი 4.3) და ყოფილ მსჯავრდებულთა (მიზანი 4.4) რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამასთან, ახალი გეგმა მოიცავს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომელიც პენიტენციური სისტემის მენეჯმენტში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად (მიზანი 4.5).
პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით დასახული ამოცანებისა და დაგეგმილი საქმიანობების შესრულების ხარისხი 2020 წლის ბოლოსთვის არ არის დამაკმაყოფილებელი - იმ პირობებში, როდესაც სისტემაში არსებობს კრიმინალურ სუბკულტურაზე დაფუძნებული არაფორმალური მართვის სისტემა, რომელზეც ერთხმად საუბრობენ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი და საქართველოს სახალხო დამცველი და რომელიც პატიმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის პრინციპის განხორციელებისთვის სერიოზული გამოწვევაა, ხოლო რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებები კვლავ ვერ პასუხობს მსჯავრდებულთა რეალურ საჭიროებებს, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება მომავლის პერსპექტივად რჩება.
საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა არცერთი საკვანძო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დადებითად აისახებოდა პატიმრების უფლებრივ მდგომარეობაზე; როგორც გასულ წლებში, კვლავ გამოწვევად რჩება გადატვირთულობის პრევენცია პენიტენციურ დაწესებულებებში - გარდა ლიმიტით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი პატიმრების განთავსებისა, პრობლემურია თითოეული პატიმრისთვის 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა, რაც უკვე წლებია, რეკომენდებულია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ. ამ უკანასკნელის ანგარიშებში კვლავ მითითებულია პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ხარვეზებზეც, რომელთა აღმოფხვრაც გადატვირთულობის პრევენციის ერთ-ერთი წინაპირობა იქნებოდა.
დადებითად უნდა აღინიშნოს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებები პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, საყოფაცხოვრებო პირობების მხრივ წარსულში ორი ყველაზე პრობლემური - N7 და N12 დაწესებულებების დახურვა და ახალ შენობებში განთავსება, რომლებიც აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. საანგარიშო პერიოდში პრაქტიკულად ყველა დაწესებულების პატიმრები უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი ინვენტარით და პირადი ჰიგიენის ნივთებით; თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის ორგანოების ანგარიშების მიხედვით, რიგი დაწესებულებებისა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პატიმრებისთვის ადეკვატური საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნას. მცირე ზომის დაწესებულებების აშენება, რაც ერთი მხრივ, კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შესუსტების, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საუკეთესო გზა იქნებოდა, ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზეა.
პანდემიის პირობებში მოსალოდნელი იყო, რომ პენიტენციური სისტემა ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა პატიმართა რიცხვის რადიკალურად შემცირებისთვის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საანგარიშო პერიოდის დასასრულს, გადატვირთულობის პრობლემა კვლავ დგას მთელ რიგ დაწესებულებებში, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლებით კი, 2020 წლის განმავლობაში, პანდემიის მიუხედავად, მსჯავრდებულების ბევრად უფრო მცირე რიცხვმა ისარგებლა, ვიდრე გასულ წლებში. აღნიშნული ნათლად მიუთითებს უსისტემო და არაეფექტიან მართვაზე.
2018-20 წლების განმავლობაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების, მათ შორის ფსიქიკური და პრევენციული ჯანმრთელობის სერვისების მართვის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა.
მონიტორინგის ორგანების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაფუძნებით, ზოგადად გაუმჯობესებულია წვდომა ჯანმრთელობის მომსახურებაზე როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე დაწესებულების გარეთ. დადებით ტენდენციას ინარჩუნებს C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის პროგრამების მართვა და მოცვა, როგორც პრევენციული (სკრინინგი), ასევე სამკურნალო აქტივობებით.
საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩება სამედიცინო სერვისების ანონიმურობა/კონფიდენციურობის საკითხი, საკონსულტაციო და სამკურნალო სერვისების მიღებამდე მოლოდინის დრო და პრევენციული ჯანმრთელობის სერვისებზე პატიმართა ცნობიერების დაბალი დონე.
საანგარიშგებო პერიოდში გაზრდილია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი. ამ მიმართულებით არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს, ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას, პატიმართა მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას. რასაც ადასტურებს ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა, როგორც გაზრდილი სუიციდის შემთხვევები, ასევე დიაგნოსტირებული ფსიქიკური აშლილობები.
ინფორმაციაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, ვერ განხორციელდა სუიციდის პრევენციის პროგრამების ეფექტურობის შეფასება. არსებული სუიციდის პროგრამების/აქტივობების შინაარსის დადებითი შეფასების მიუხედავად გართულებულია მისი გავლენის გამოვლენა სუიციდის რისკის მქონე პატიმართა მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პენიტენციური ჯანდაცვის სტატისტიკის ფორმიდან ამოღებულ იქნა სუიციდის მცდელობათა შესახებ მონაცემები.
არ განხორციელებულა ცვლილებები წამალდამოკიდებულ პატიმართა ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების გაუმჯობესების მიზნით. ხელმისაწვდომი სერვისები არასრულყოფილია და ვერ ახდენს პატიმართა შესაბამისი ფსიქოსარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფას.
მოწყვლადი პატიმრების უფლებების თვალსაზრისით განსაკუთრებული გაუმჯობესებები 2018-2020 წლების მანძილზე არ აღინიშნება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს თავად გეგმის ხარვეზი, რომელიც მოწყვლადი პატიმრების კატეგორიაში მხოლოდ ქალებს, არასრულწლოვნებს და შშმ პირებს მოიაზრებს და შესაბამისად, არ ფოკუსირდება ისეთ მნიშვნელოვან ჯგუფებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ლგბტ, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და სხვა.
რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობას, ამ მხრივ განსაკუთრებული გაუმჯობესება საანგარიშო პერიოდში არ აღინიშნება - პენიტენციურ დაწესებულებათა უმრავლესობა კვლავ არ არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტატისტიკურ ანგარიშებში არ მოიპოვება ინფორმაცია შშმ პირებზე ადაპტირებული ფსიქო-სოციალური პროგრამების თაობაზე.
პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით საანგარიშო პერიოდში რიგი ღონისძიებები განხორციელდა. სამწუხაროდ, დღესდღეობით დანერგილი პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს არსებული საჭიროებების მოცვას და წინა წლების მსგავსად, მათში პენიტენციური სისტემის პოპულაციის მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული.
დადებითად უნდა აღინიშნოს უმაღლესი განათლების მიმღებ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საკმაოდ მაღალი რიცხვი. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice ექსპერტების მონაწილეობით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და ციხის თანამედროვე მმართველობის მეთოდოლოგიის სფეროებში შემუშავებული კონცეფციები და სასწავლო პროგრამები, პენიტენციური სისტემის მაღალი და საშუალო რანგის თანამშრომლების, ისევე, როგორც სოცმუშაკთა და ფსიქოლოგთა პროფესიული გადამზადება. ამ სიახლეების ადეკვატური დანერგვისა და გადამზადებული პერსონალის პროფესიული პოტენციალის სრული გამოყენების შემთხვევაში მომავალ წლებში შესაძლებელი გახდება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარება.
საქართველოს იუსტიიის სამინისტროს
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის დროული და სრულყოფილი მიწოდება დაინტერესებული ორგანოებისა და პირებისათვის, ასევე, გადახედოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას უწყების საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
- წინა წლების მსგავსად უზრუნველყოს სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვებ-გვერდებზე;
- შესაბამის უწყებებთან ასევე, საქართველოს სახალხო დამცველთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით უმოკლეს ვადებში შეიმუშაოს ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ამ უკანასკნელთა გათვალისწინებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შემცირების მიზნით;
- გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები მსჯავრდებულთა რიცხვის შემცირებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით მათ შორის, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწისა და მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობის მიმართულებით;
- პენიტეციურ დაწესებულებებში ეფექტური და დროული ჯანმრთელობის სერვისების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა მიზნობრიობის სამედიცინო სერვისების მიწოდებისათვის საჭირო კადრების (ექიმი/მედდა) ადეკვატურ რაოდენობას და კვალიფიკაციებს;
- პენიტენციურ სისტემაში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა დროული გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით შემუშავდეს მიზნობრივი პრევენციული/სკრინინგ პროგრამები, როგორც გადამდები ასევე არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ;
- შეიქმნას და დაინერგოს წამალდამოკიდებულ მსჯავდებულთათვის ,,შემანარჩუნებელი“ ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამები;
- შემუშავდეს და დაინერგოს პაციენტთა სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფისთვის რიგების/ მოლოდინის დროის ეფექტური მართვის მექანიზმი;
- ფსიქიკური სერვისების მაღალი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები, ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა და დაწესებულებებში უზრუნველყოს ვიზიტების სათანადო სიხშირე;
- შემუშავდეს მიმდინარე სამედიცინო/სარეაბილიტაციო პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები;
- გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მოწყვლადი პატიმრების, მათ შორის შშმ პირების მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, როგორც ინფრასტრუქტურის ადაპტირების ისე მათზე მორგებული რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების შეთავაზებით;
- შეიმუშაოს მსჯავრდებულთა საჭიროებებზე მორგებული რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები და სტრატეგია მსჯავრდებულთა აღნიშნულ პროგრამებში ჩართულობის წახალისების მიზნით;
- მიიღოს შესაბამისი ზომები კვალიფიციურ თანამშრომლთა გადინების შემცირების მიზნით მათ შორის, შრომის პირობების და წახალისების მექანიზმების გაუმჯობესების თვალსაზრისით;
- უზრუნველყოს სასჯელის ინდივიდუალური გეგმების შემუშავება ყველა მსჯავრდებულისთვის მსჯავდებულების ჩართულობით მათივე საჭიროებების გათვალისწინებით;
- განაგრძოს ძალისხმევა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის გადამზადებისთვის სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად დაზიანებების დოკუმენტირების თვალსაზრისით.