სამოქმედო გეგმა:
თავი 5

წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა

ძირითადი მიგნებები

ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის  მეხუთე თავი ითვალისწინებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისთვის აუცილებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნასა და მათ გამართულ ფუნქციონირებას. საქმიანობები მოიცავს როგორც სისტემების, მექანიზმების გაძლიერებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, ასევე კონკრეტული უწყებებისა თუ შემსრულებელი პირების (მაგ. სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები) მუშაობის გაძლიერებას, ინფორმირებას და გადამზადებას.

2016-17 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მსგავსად, 2018-20 წლების მეხუთე თავი ასევე არ მოიცავს მთელ რიგ მნიშვნელოვან მიზნებსა და ამოცანებს არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის თვალსაზრისით. ამგვარად, საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნა, რომელსაც ითვალისწინებდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014-2020 წლებისთვის) არც ძველ გეგმაშია  გათვალისწინებული და არც ახალში; იგივე უნდა ითქვას ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა კრიმინალური სუბკულტურის შესუსტებისა და მისი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებები.

ზოგიერთი საკვანძო საკითხი, მართალია, ფიგურირებს გეგმის მეხუთე თავში, თუმცა არასრულად: მიუხედავად იმისა, რომ 2016-17 წლების სამთავრობო გეგმის შესრულების ვადის ამოწურვისას კვლავ არ იყო შემუშავებული წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, 2018-20 წლების გეგმაში მსხვერპლთა კომპენსაციისა და რეაბილიტაციის ამოცანა მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოებისკენ მიმართულ საქმიანობას მოიცავს (ამოცანა 5.1.4).

გეგმის ხარვეზებს შორის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამოცანის ინდიკატორები ზოგჯერ არასრულყოფილია და არ იძლევა ამოცანის ქვეშ მოქცეული საქმიანობების სათანადოდ და ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას. მაგალითად, საქმიანობის 5.2.1 ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გაუმჯობესება ინდიკატორად წარმოდგენილია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი მკურნალობის სერვისები გაუმჯობესებულია. აღნიშნული ინდიკატორი ვერ უზრუნველყოფს ამოცანით განსაზღვრული საქმიანობის შეფასებას. ზოგადია ფრაზა მკურნალობის სერვისები და ბუნდოვანია კრიტერიუმები, რა იგულისხმება კონკრეტულად მკურნალობის სერვისების გაუმჯობესებაში, რა მიმართულებით და რითი ვზომავთ გაუმჯობესებას.

საანგარიშო პერიოდში, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის ინსტიტუციური მექანიზმებიდან აღსანიშნავია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქციების სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის მინიჭება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, მექანიზმის სრულყოფილი და ეფექტიანი ფუნქციონირება თავიდანვე ეჭვქვეშ დადგა.

ამ ეტაპზე არასათანადო მოპყრობის ახალი ფაქტების გამოძიების თვალსაზრისით კვლავ სერიოზული პრობლემებია. როგორც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს 2018 წლის ვიზიტის ამსახველ ანგარიშში, „დელეგაციის ყურადღება ასევე მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პროკურატურისთვის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეების თაობაზე რეგულარული შეტყობინებების მიუხედავად, გამოძიება ძალიან ცოტა მათგანზე წარიმართა (განსაკუთრებით რაც შეეხება 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს) და პოლიციისა და ციხის თანამშრომლებს პრაქტიკულად არანაირი სანქცია არ დაკისრებიათ.[1] აღნიშნული ტენდენცია მოიცავს 2014 წლის 12 ნოემბრის გლდანის ციხის ინციდენტს, რომელიც დეტალურად არის აღწერილი 2014 წლის ვიზიტის ამსახველი ანგარიშის მე-17 და 51-ე პარაგრაფებში.”

არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენის კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით მოსამართლისთვის მიცემული უფლებამოსილება, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, არასათანადო მოპყრობის ეჭვის შემთხვევაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, ასევე, დაავალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღება. ვიმედოვნებთ, მომავალში ყველა მოსამართლე აქტიურად გამოიყენებს აღნიშნულ უფლებამოსილებას, რაც არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

2016 წელს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში მოწვეული ექსპერტის დახმარებით, შემუშავდა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირების ფორმები როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორების, ისე პენიტენციური დაწესებულებებისთვის, რომლებიც დამტკიცდა, შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანებით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის N131 ბრძანებით. აღნიშნულის კვალდაკვალ, როგორც ერთი, ისე მეორე უწყების სამედიცინო პერსონალმა არაერთი ტრენინგი და გადამზადება გაიარა დაზიანებების აღწერის ფორმების გამოყენებაში, თუმცა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ მითითებული სერიოზული ხარვეზები ცხადყოფს, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო დოკუმენტირება და მათი ანგარიშგება ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. პენიტენციურ სისტემაში აღნიშნული პრობლემა შესაძლოა გაამწვავოს იმ გარემოებამ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2020 წლის გაზაფხულზე, რეორგანიზაციის შედეგად, პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის ნაწილი სამსახურიდან იქნა დათხოვილი.

საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რიგი საქმიანობები, რომლებზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იყო პასუხისმგებელი:                                      

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პაციენტების მკურნალობის სერვისების გაუმჯობესების კუთხით ბუნდოვანია, რა სტრატეგია აქვს სამინისტროს ან რა აქტივობები განხორციელდა აღნიშნულის მისაღწევად.

საანგარიშგებო პერიოდში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსქიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესსა და პროცედურებს.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გეგმაში აღნიშნული საქმიანობების შესრულების ვადად 2020 წელია მითითებული.

 


[1] როგორც დელეგაციას სახალხო დამცველის ოფისში განუცხადეს, 2015 წლის შემდგომ პერიოდში პროკურატურას სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 38 საქმე გადაეგზავნა (ზოგიერთი მათგანი რამდენიმე პირს შეეხებოდა), რომლებსაც, სახალხო დამცველის ოფისის თქმით, მყარი სამედიცინო მტკიცებულებები ახლდა თან, თუმცა ამ საქმეების გამოძიებას შედეგი არ მოუტანია (ხშირ შემთხვევაში აღნიშნულის მიზეზად პროკურატურა ასახელებს იმ გარემოებას, რომ ვერ მოხერხდა დამნაშავე პოლიციელის/ციხის თანამშრომლ(ებ)ის იდენტიფიცირება).


თავის მიზნები

მიზანი 5.1
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაძლიერება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 5.2
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ პირთა ჯანმრთელობის უფლების დაცვა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა