სამოქმედო გეგმა:
თავი 3

პროკურატურა

ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მესამე თავი, 1 მიზნად, 5 ამოცანად და 19 დამოუკიდებელ აქტივობად არის დაყოფილი და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიება და სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურის სისტემის გამჭვირვალობა, პროკურორების და პროკურატურის სისტემის გაძლიერება და ..

დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს საქართველოს პროკურატურის აქტიური თანამშრომლობა პროექტის სამუშაო ჯგუფთან, როგორც სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინდიკატორების დაზუსტების, ასევე ინფორმაციის მოწოდების პროცესში, რამაც, საბოლოოდ, სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესზე ეფექტიანი მონიტორინგის ჩატარების საშუალება მოგვცა და დაგვეხმარა წინამდებარე ანგარიშის შედგენაში

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით არ ყოფილა გათვალისწინებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: პროკურატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდა, ღია, გამჭირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პროკურატურის სისტემის შექმნა, ინდივიდუალური პროკურორების საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდა და .. აღნიშნული კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტი უნდა იყოს. ამავე საკითხების მნიშვნელობაზე არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ანგარიშშია საუბარი.

ასევე საგანგებოდ უნდა მიეთითოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი ამოცანის და საქმიანობის სამოქმედო გეგმის მიზანთან არარელევანტურობაზე, ისევე როგორც ამ საქმიანობის შესრულების გასაზომად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინდიკატორების ბუნდოვანებაზე, ფორმალურ ხასიათსა და, ზოგიერთ შემთხვევაში, არარელევანტურობაზეც, რამაც გამოიწვია კიდეც, პროკურატურის წარმომდგენლებთან შეთანხმებით არსებული ინდიკატორების გადახედვა და მასში გარკვეული კორექტირების შეტანა.

ანგარიშის ფარგლებში, შევისწავლეთ სამთავრობო სამოქმედო გეგმის მესამე თავთან დაკავშირებული რელევანტური საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგია და გაირკვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამთავრობო სამოქმედო გეგმის ზოგიერთ ნაწილს ითვალისწინებს უცვლელად და მათ შორისაა სამოქმედო გეგმით 2016 წელს განსახორციელებელი აქტივობებიც. მისი ზოგიერთი ნაწილი წარმოდგენილია გარკვეული ცვლილებით, ხოლო საერთოდ არ შეიცავს სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ისეთ ვალდებულებას, როგორიცაა საქართველოს პროკურატურის ვალდებულება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების რიცხობრივი და ხარისხობრივი/შინაარსობრივი შესწავლისა და კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნების თაობაზე. სამწუხაროდ, მისი არასაჯაროობის გამო, ვერ მოხერხდა ამავე სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შეფასება.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შესაფასებლად წერილებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას. 2017 წლის 4 სექტემბერს და 27 დეკემბერს, საპასუხო წერილები მივიღეთ. 2018 წლის 11 აპრილს, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან, დამატებით ასევე მოგვეწოდა ინფორმაცია ცალკეული აქტივობის შესრულებასთან დაკავშირებით. ამას გარდა, სამოქმედო გეგმის შეფასების პროცესში გამოვიყენეთ საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ორწლიანი ანგარიში და საქართველოს მთავარი პროკურორის საპროკურორო საბჭოსადმი 2017 წლის 19 ივლისს და 2018 წლის 8 თებერვალს წარდგენილი ანგარიში.

შეფასების შედეგად ირკვევა, რომ სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 19 აქტივობიდან: სრულად შესრულებულია - 9; ნახევარზე მეტი შესრულებულია - 3; ნახევარზე ნაკლები შესრულებულია - 3არ არის შესრულებული - 4; ხოლო მთლიანად მესამე თავის შესრულების პროგრესი შეადგენს 64%-.

შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი ამოცანა არ შეესაბამება ამავე გეგმის მიზანს - დამოუკიდებელი, სამართლიანი, ეფექტიანი და გამჭირვალე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პროკურატურის სისტემის შექმნის თვალსაზრისით. ისევე როგორც ზოგიერთი ამოცანის შესრულების მიზნით განსაზღვრული აქტივობა ვერ უზრუნველყოფს ვერც ამოცანის შესრულებას და ვერც გეგმით დასახული მიზნის მიღწევას, რომ არაფერი ვთქვათ ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობის სრულად ან ნახევარზე ნაკლები მოცულობით შესრულებაზე, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ანგარიშის გამოქვეყნება, პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა, ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით გავრცელებულ დანაშაულთა ანალიზი და სხვ.

აქვე დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს გეგმით გათვალისწინებული 19 აქტივობიდან მათი უმრავლესობის (12 აქტივობა) სრულად ან ნახევარზე მეტად შესრულება, მათ შორისაა: საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის განვითარება, სასწავლო ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ახალი ეთიკის კოდექსის მიღება, ტრენინგებისა და სხვადასხვა მიმართულებით ერთიანი პრაქტიკის დანერგვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და სხვ.

1. ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის III თავის ზოგადი შეფასება

1.1. მესამე თავის შინაარსობრივი შენიშვნები - შესაბამისობა არსებულ გამოწვევებთან და რეკომენდაციებთან

პროკურატურის რეფორმა ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მისი მიზანი პროკურატურის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს სამართლიან, ეფექტიან და გამჭირვალე სისხლისსამართლებრივ დევნას და ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაც იზიარებს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას და სამოქმედო გეგმის მესამე თავს, 5 დამოუკიდებელი ამოცანის მეშვეობით, ამ მიზნის შესრულებას უთმობს.

სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიიდან და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებიდან უნდა გამომდინარეობდეს, ხოლო საქართველოს პროკურატურის 2017 წელს მიღებული სტრატეგია, რომელიც 2017-2021 წლებს მოიცავს, ასევე უნდა იყოს ამ ვალდებულებების აღსრულების საშუალება. თუმცა ანალიზმა აჩვენა, რომ სამთავრობო გეგმის მესამე თავი ბოლომდე არ პასუხობს არსებულ რეალობას და მასში ასახული ზოგიერთი აქტივობა არარელევანტურია სამოქმედო გეგმის მიზნებსა და ამოცანებთან. ამასთან, სამთავრობო სამოქმედო გეგმის ამ თავით საერთოდ არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი საერთაშორისო ექსპერტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები, ისევე როგორც ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ზოგიერთი მიზანი პროკურატურის ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით. კერძოდ:

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია პროკურატურის რეფორმირებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს პროკურატურის საქმიანობის კონტროლის მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწას, სისხლისსამართლებრივი დევნის დამოუკიდებლად განხორციელებასა და იძულებითი ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამოყენებას. ჩამოთვლილი და სხვა ისეთი საკითხების აქტუალობაზე, როგორიცაა  სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების შექმნა, პროკურატურის საქმიანობის დამოუკიდებლობა, ნებისმიერი არამართლზომიერი გავლენისგან დაცვის, მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით და .., ამახვილებს ყურადღებას თავის ანგარიშებში წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის კომიტეტი[1], საქართველოს სახალხო დამცველი[2]. აღნიშნულ საკითხებზე საუბარია ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კონსულტანტის, საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის მიერ 2017 წლის მარტში მომზადებულ ანგარიშშიც[3], ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლის სტრატეგიის პროგრესის შესახებ. პროკურატურის რეფორმის გაგრძელება მისი საქმიანობის დამოუკიდებლობის, ნებისმიერი არამართლზომიერი გავლენისგან დაცვის, მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის მართლმსაჯულების სექტორის მოკლევადიანი პრიორიტეტი.

შესაბამისად, იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა შესულიყო 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • პროკურატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გაზრდა;
  • ღია, გამჭირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პროკურატურის სისტემის შექმნა;
  • ინდივიდუალური პროკურორის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდა;
  • სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პროკურატურის მხრიდან ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების შექმნა;

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო ცენტრის განვითარება და მისი ელექტრული ბიბლიოთეკითა თუ სხვა სპეციალური პროგრამებით აღჭურვა, პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზანი, დამოუკიდებელი, ეფექტიანი, სამართლიანი და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მხოლოდ სასწავლო ცენტრის გაძლიერებით და პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებით, ან/და პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვით არ მიიღწევა.

1.2. მესამე თავით გათვალისწინებული ამოცანების და აქტივობების რელევანტურობის, ეფექტიანობის და პრიორიტეტულობის შეფასება

როგორც არაერთხელ აღინიშნა, სამთავრობო სამოქმედო გეგმის მესამე თავი მიზნად ისახავს პროკურატურის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს სამართლიან, ეფექტიან და გამჭირვალე სისხლისსამართლებრივ დევნას და ადამიანის უფლებათა დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

ამ თავის მიზანია, შეფასდეს, რამდენად რელევანტური, ეფექტიანი და პრიორიტეტულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები და შესაბამისი აქტივობები სამოქმედო გეგმის მიზანთან მიმართებით და პროკურატურის მხრიდან ყველა აქტივობის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, შეიძლებოდა თუ არა ხსენებული მიზნის მიღწევა.

პროკურატურის სისტემის გარე ზეგავლენისაგან დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა და სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია საუბარი. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაცპროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, მთავარი პროკურორის არჩევის მექანიზმი და მისი საპროკურორო საბჭოსადმი ანგარიშვალდებულება დაკანონდა. კოალიციადამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვისჯერ კიდევ 2015 წლის 25 სექტემბერს გამოეხმაურა კანონმდებლობაში ასახულ ამ ცვლილებებს და თავის განცხადებაში აღნიშნა: „მიუხედავად მასში განხორციელებული რამდენიმე პოზიტიური ცვლილებისა, კანონპროექტით დასახული მიზანი - მოხდეს პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირება - მიუღწეველია, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად წარმოდგენილი ცვლილებები არის ფრაგმენტული ხასიათის და ისინი არ ეხება ისეთ ძირეულ პრინციპებს, რამაც მომავალში უნდა უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის რეალური დამოუკიდებლობა“. სამწუხაროდ, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არცერთი ამოცანა და მათი შესრულების მიზნით დაგეგმილი აქტივობები არ პასუხობს ამ გამოწვევას და არ უზრუნველყოფს საპროკურორო საქმიანობის დამოუკიდებლობას გარე ზეგავლენისაგან.

სამოქმედო გეგმის მიზანია გამჭვირვალე და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განსახორციელებელი მოქმედებების ნაწილში, და ამ მიზნის შესასრულებლად გათვალისწინებულია კიდეც კონკრეტული ამოცანა - პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება, თუმცა ამ ამოცანის შესრულების მიზნით გაწერილი აქტივობებიდან მხოლოდ ერთი (ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების რიცხობრივი და ხარისხობრივი/შინაარსობრივი შესწავლა და კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნება) გულისხმობს კონკრეტული შინაარსის ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას, ხოლო დანარჩენი აქტივობა ან ძალიან ზოგადი ხასიათისაა (მაგალითად, საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის განვითარება) ან საერთოდ არ ჯდება ამ ამოცანის მიზნებში (მაგალითად, რიგითი პროკურორის დანიშვნისა და დაწინაურების წესის დახვეწა).

სამოქმედო გეგმის 3.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ამოცანაადამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიებისა და კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკა“, მაშინ როცა თვით სამოქმედო გეგმის მიზანი მხოლოდ დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნაა და არა გამოძიება. ამასთან, ამ ამოცანის შესასრულებლად სამოქმედო გეგმაში შესული არცერთი აქტივობა არ უზრუნველყოფს გამოძიების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, ისევე როგორც გეგმაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებით უნდა მიიღწეს კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გეგმაში წარმოდგენილი ზოგიერთი აქტივობის ზოგადი ხასიათი (მაგალითად, პროკურორების გაძლიერება, პროკურორებისათვის სხვადასხვა თემაზე ტრენინგის ჩატარება). ასევე, ამ საქმიანობების შესაფასებლად გათვალისწინებული ინდიკატორების ბუნდოვანება და მათი ფორმალური ხასიათი, როგორც რაოდენობრივი ასევე თვისობრივი ინდიკატორების სიმცირე, რამაც გამოიწვია კიდეც სამუშაო ჯგუფის მიერ, პროკურატურის წარმომადგენლებთან ურთიერთშეთანხმებით, არსებული ინდიკატორების გადახედვა და მასში გარკვეული კორექტირების შეტანა.

1.3. მესამე თავთან დაკავშირებული სხვა რელევანტური სამოქმედო გეგმების შეფასება

ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მოქმედების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურორის 2017 წლის 31 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგია, ხოლო მოგვიანებით შემუშავდა ამ სტრატეგიის შესრულების სამოქმედო გეგმა. საქართველოს პროკურატურის სტრატეგია საჯაროა და განთავსებულია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე, თუმცა, როგორც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, სამოქმედო გეგმა საჯარო არ არის და ის სამუშაო ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. შესაბამისად, შეუძლებელია შედარდეს სამთავრობო სამოქმედო გეგმითა და პროკურატურის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობის შესრულების ვადები.

საქართველოს პროკურატურის სტრატეგიის თანახმად, 2017-2021 წლებში, საქართველოს პროკურატურა აპირებს გადადგას ნაბიჯები პროკურატურის და პროკურორთა დამოუკიდებლობის გაზრდის, ცალკეული დანაშაულების (მათ შორის, ტრეფიკინგის, კორუფციული დანაშაულების, ტერორიზმის, ნარკოტიკული და კიბერდანაშაულების) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების და ერთგვაროვანი სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბების, საზოგადოების ნდობის ამაღლების, დანაშაულის პრევენციისა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი აქტივობა 2016 წელს არის გაწერილი, ხოლო საქართველოს პროკურატურის სტრატეგია 2017-2021 წლებს მოიცავს, რის გამოც მათი ერთმანეთისთვის შედარება მხოლოდ 2017 წელს განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით არის შესაძლებელი. შესაბამისად, სამოქმედო გეგმის 2017 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებიდან, საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგია შეიცავს იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს შემუშავებას,[4] პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვას,[5] პროკურორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამჭვირვალე სისტემის დანერგვას,[6] პროკურორებისთვის სხვადასხვა თემაზე ტრენინგების ჩატარებას,[7] და პროკურატურის სასწავლო ცენტრის შესაძლებლობის გაძლიერებისა და სასწავლო პროგრამების შემუშავების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს[8]. განსხვავებული ინტერპრეტაციით არის წარმოდგენილი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობა დანაშაულის პრევენციის ადგილობრივი საბჭოების სხდომების გააქტიურების შესახებ[9]. პროკურატურის სტრატეგიის თანახმად, იგეგმება არა ადგილობრივი საბჭოების სხდომების გააქტიურება, არამედ ასეთი საბჭოს შექმნა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამთავრობო სამოქმედო გეგმით 2016 წელს შესასრულებელი ზოგიერთი ისეთი აქტივობა, როგორიცაა შეფასების სისტემის დანერგვა, სამართლებრივი წერის სახელმძღვანელოსა და გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს დანერგვა, საქართველოს პროკურატურის 2017 წლის სტრატეგიაში, შესულია როგორც 2017-2021 წლებში განსახორციელებელი ღონისძიება.  

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს პროკურატურის სტრატეგია არ შეიცავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საქართველოს პროკურატურის ვალდებულებას ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების რიცხობრივი და ხარისხობრივი/შინაარსობრივი შესწავლისა და კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურის სტრატეგიაში ადამიანის უფლებათა დაცვას ცალკე თავი ეთმობა.

შესაბამისად, ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურის სტრატეგია და სამთავრობო სამოქმედო გეგმა ერთმანეთთან შეუსაბამოა როგორც შინაარსობრივი, ასევე ცალკეული აქტივობის გარკვეულ ვადებში განხორციელების თვალსაზრისით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურის სტრატეგია ბევრად უფრო კარგად წარმოაჩენს სისტემაში დღეს არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის, საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების, პროფესიული ეთიკის სტანდარტების, პროკურატურის სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროკურატურისა და პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის და ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ვიდრე ეს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესაბამისი ამოცანებით და მათი განხორციელების მიზნით გაწერილი აქტივობებით არის გათვალისწინებული.

3. რეკომენდაციები და წინადადებები

საქართველოს პროკურატურას:

  1. გააანალიზოს გავრცელებული დანაშაულები და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის წარმართვის მიზნით, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
  2. დროულად შეიმუშაოს და დანერგოს გამოძიების ერთიანი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო და შეფასების სისტემა;
  3. მოამზადოს და პროკურატურის თანამშრომლებს გააცნოს დევნის ალტერნატიული მექანიზმის - სრულწლოვანთა განრიდების ანალიზი;
  4. მოამზადოს და გეგმის შესაბამისად, ყოველკვარტალურად გამოაქვეყნოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების რიცხობრივი და შინაარსობრივი ანგარიში;
  5. შეისწავლოს რიგითი პროკურორების დანიშვნისა და დაწინაურების წესი, მის დასახვეწად, და შეიმუშაოს შესაბამისი ცვლილებები პროცედურაში;
  6. განაგრძოს აქტიური მუშაობა პროკურორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის გამჭირვალე სისტემის დასანერგად, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად;
  7. შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი აქტივობის (გამოძიების მეთოდოლოგია, ეთიკის კოდექსი, შეფასების სისტემა) განხორციელების მონიტორინგის მექანიზმები;
  8. ბიბლიოთეკა დამატებით აღჭურვოს ისეთი შინაარსის (მათ შორის, უცხოენოვანი) ლიტერატურით, რომელშიც განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის, დისკრიმინაციისა და პროკურატურის საქმიანობისათვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

 

 


[1] ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის კომიტეტის ანგარიში, CPT/inf(2015)42. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://rm.coe.int/16806961f8, ბოლოს ნანახია 13.01.2018.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის 2014 და 2015 წლების ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi, ბოლოს ნანახია 13.01.2018.

[3] ანგარიში საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წწ. ეროვნული სტრატეგიის პროგრესის შესახებ და რეკომენდაციები სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებით, მეგი ნიკოლსონი, 2017 წელი, ხელმოსაწვდომია ვებგვერდზე: http://ewmi-prolog.org/images/files/4919ReportonimplementationHumanRights StrategyGEOEWMIUNDP.PDF, ბოლოს ნანახია 18.01.2018.

[4] საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა, 26.07.2016 წ. თავი 3, აქტივობა 3.1.1.6, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/3350412>, [ბოლოს ნანახია 07.03.2018].

[5] იქვე, აქტივობა 3.1.3.1.

[6] იქვე, აქტივობა 3.1.3.3.

[7] იქვე, აქტივობა 3.1.4.1.

[8] იქვე, ამოცანა 3.1.5.

[9] იქვე, აქტივობა 3.1.2.3.


თავის მიზნები

მიზანი 3.1
პროკურატურის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს სამართლიან, ეფექტიან და გამჭვირვალე სისხლისსამართლებრივ დევნას და ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა