სამოქმედო გეგმა:
თავი 1

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

ძირითადი მიგნებები

სისხლის სამართლის კანონმდებლობის დახვეწა ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის პირველი მიმართულებაა. მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის პირველ თავსაც, სწორედ  „სისხლის სამართლის მართლმსაჯულება“ წარმოადგენს. აღნიშნული თავი ორ მიზანს ითვალისწინებს: 1) სისხლის სამართლის კანონმდებლობის გადახედვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, და 2) უშუალოდ სამართალდამცავი სისტემის შიგნით დანაშაულის ჩადენის ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვა და ნებისმიერ გადაცდომაზე ეფექტიანი რეაგირება

მიუხედავად უწყებების მხრიდან სამოქმედო გეგმისსისხლის სამართლის მართლმსაჯულების“ თავით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების გარკვეული მცდელობებისა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების პროექტის მომზადება, მოსამართლეთა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა გადამზადება, შსს-ში რიგი ღონისძიებების გატარება ადამიანის უფლებათა დაცვის გასაუმჯობესებლად (მაგალითად, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება) და სხვ.), სამწუხაროდ, გეგმით გათვალისწინებულ ვადებში კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები ზოგიერთი მიმართულებით არ გადადგმულა. ეს ეხება როგორც სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო კოდექსებს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური გადასინჯვის ვალდებულებას. უფრო მეტიც, დაწყებული რეფორმირების პროცესები გაურკვეველი მიზეზებით და ვადით იყო შეჩერებული 2017 წლის ბოლომდე (იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსის პროექტზე მუშაობა  სისხლის სამართლის უწყებათშორისი საბჭოს სამდივნომ 2017 წლის ბოლოს განაახლა). რიგი ამოცანებისა თუ აქტივობების სამოქმედო გეგმაში გაწერა საკმარისი არ არის სამართლიანი და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესაქმნელად. მისასალმებელი იქნება მთავრობის მხრიდან უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული ღონისძიებების (დროული) გატარება. ასევე აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოების მისწრაფებას, მოამზადონ/გადაამზადონ კადრები, მიეცეს სისტემატიზებული სახე და წინასწარ გაიწეროს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ტრენინგების/პროგრამების ჩატარების გეგმები, ასევე, განხორციელდეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მონიტორინგი.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სამთავრობო სამოქმედო გეგმის პირველი თავით გათვალისწინებული 13 აქტივობიდან: სრულად არცერთი არ შესრულებულა, ნახევარზე მეტი შესრულებულია - 5, ნახევარზე ნაკლები კი - 8 შემთხვევაშიმთლიანად პირველი თავის შესრულების პროგრესი შეადგენს 57%-. პირველი მიზანი მიიღწა 45%-ით, ხოლო მეორე - 68%-ით.

1. ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის I თავის ზოგადი შეფასება

1.1.სამოქმედო გეგმის I თავის სტრუქტურული პრობლემები, მათ შორის ამოცანების და აქტივობების რელევანტურობა, ეფექტიანობა და პრიორიტეტულობა

სამთავრობო სამოქმედო გეგმის პირველი თავი მიზნად ისახავს სისხლის სამართლის კანონმდებლობის გადახედვას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით

ამ თავის მიზანია შეაფასოს, რამდენად რელევანტური, ეფექტიანი და პრიორიტეტულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები და შესაბამისი აქტივობები სამოქმედო გეგმის მიზანთან მიმართებით, და შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული მიზნის მიღწევა პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან ყველა აქტივობის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში.

სამოქმედო გეგმის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე საკითხზე:

  • საქმიანობის და ამოცანის შეუსაბამობა მიზანთან;

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პირველი მიზანიასისხლის სამართლის კანონმდებლობის გადახედვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით“. კანონმდებლობის გადახედვის მიზანში სამოქმედო გეგმის ავტორები 1.1.4 ამოცანით მოიაზრებენ მოსამართლეთა როლის გაზრდას, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა მოსამართლეთა როლის გაზრდა კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნის მიღწევის ადეკვატურ და საკმარის საშუალებად ვერ ჩაითვლება. მოსამართლეთა როლის გასაზრდელად გათვალისწინებულია მოსამართლეთა დატრენინგება, რაც ასევე აუცილებელი, თუმცა  ამოცანასთან შეუსაბამოა. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, მოსამართლის როლის გაზრდის შეფასება, მათთვის ჩატარებული ტრენინგების მიხედვით, შეუძლებელია. ამ საკითხთან, ასევე ტრენინგებით მგრძნობელობის გაზრდასთან დაკავშირებით, უფრო დეტალურად იხილეთ ქვემოთ, ამოცანის შეფასების ნაწილში. ასევე ბუნდოვანია შსს- ადამიანური რესურსების განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანის ქვეშ (1.2.3.1.) ერთ-ერთ აქტივობად უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულების (1.2.3.1.2.) გაწერა.

  • საქმიანობის შესრულების ვადები

სამოქმედო გეგმით გაწერილ ვადებთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში დაწყებულ პროცესებთან მიმართებით, შეინიშნება შესრულების ვადად 2016 წლის გაწერის ტენდენცია, რაც ლოგიკურია სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან მიმართებით, თუმცა შესრულების ვადად 2016 წლის გაწერა გაურკვეველია ისეთი აქტივობებისთვის, რომლებიც განგრძობადი ხასიათისაა და შეუძლებელია მხოლოდ 2016 წელს დასრულებულიყო (მაგალითად, საქმიანობა 1.2.1.1.1.: პოლიციის სისტემაში დანაშაულის პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების გაუმჯობესება).

  • პასუხისმგებელი უწყებების რელევანტურობა

რიგ შემთხვევებში ბუნდოვანია პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრასთან დაკავშირებული მიდგომა. ეს განსაკუთრებით შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც პასუხისმგებელ ორგანოდ საქართველოს მთავრობაა მითითებული. უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის ფარგლებში, რიგ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობა (რომელიც მითითებული იყო პასუხისმგებელ უწყებად სამოქმედო გეგმაში) წერილებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ამისამართებდა (მათ შორის, აქტივობა 1.1.1.2-სა და 1.1.2.2.-თან დაკავშირებით),  თუმცა, თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტროში გაგზავნილი წერილების ნაწილზე პასუხი არ მიგვიღია. ამდენად, სამოქმედო გეგმაში პასუხისმგებელ უწყებადსაქართველოს მთავრობის“ მითითება გაურკვეველს ხდის, თუ კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი საქმიანობის შესრულებაზე. სწორედ ამიტომ გეგმის შესრულების პროცესში გაუგებრობისა და დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების დაკონკრეტება.

1.2. სამოქმედო გეგმის I თავის შინაარსობრივი შენიშვნები - შესაბამისობა არსებულ გამოწვევებთან და რეკომენდაციებთან

2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების არასრულად შესრულების მიუხედავად, სამწუხაროდ, წინამდებარე სამოქმედო გეგმა აღარ ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, როგორიც არის შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა  უცხოელი ექსპერტის, საბრინა ბუჩლერის აზრი, რომელმაც ჯერ კიდევ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გამოთქვა მოსაზრება/რეკომენდაცია, რომ ის საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ეხებოდა, სამოქმედო გეგმაში ისევ უნდა დარჩენილიყო და შეფასებულიყო აღსრულების თვალსაზრისით, ვინაიდან თავისთავად ცვლილებების ინიცირება ვერ იქნება მიზნის მიღწევის საკმარისი საშუალება, თუ არ მოჰყვა სათანადო აღსრულება.[1]

დადებითად უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დახვეწის კუთხით, სამოქმედო გეგმაში ყველა არსებული ღონისძიების გაწერა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებს სრულყოფილად არ ასახავს.

GDI-ის შეფასებების საფუძველზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული გამოწვევების დასაძლევი იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში 1.1.1. ამოცანის ქვეშ,სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დახვეწისათვის საჭირო ცვლილებების ინიცირება“, უნდა გათვალისწინებულიყო, ასე გამოიყურება:

  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა

მნიშვნელოვანია მთავრობამ გაითვალისწინოს სახალხო დამცველის შენიშვნები და მიიღოს ზომები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილულ საქმეთა ანალიზის შედეგად გამოვლინდა.[2] ასევე უნდა გაანალიზდეს 2016 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებები და მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება,[3] ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრობლემურობაზე[4] თავის ანგარიშში ასევე საუბრობს ექსპერტი მეგი ნიკოლსონიც.[5] 

  • შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად:
  • მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით 2016 წლის თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი/მისი პრაქტიკაში მოქმედების მონიტორინგი და საჭიროებების შემთხვევაში შესაბამისი დამატებითი ცვლილებების ინიცირება.[6]
  • საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც უზრუნველყოფს დაცვის მხარისთვის ბრალდებულის მიერ მტკიცებულებების პირველადი გამოკვლევის უფლების გაუქმებას.[7]
  • საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, მოწინააღმდეგე მხარის მოწმის შესახებ შეტყობინების ვალდებულების გასაწერად (აღნიშნული პრობლემის თაობაზე საუბრობს ეუთოს (ODIHR) 2014 წლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშიც[8], რომლის შეფასებითაც,რღვევა მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაზღუდება დაცვის მხარის მიერ ჯვარედინი დაკითხვის მომზადების შესაძლებლობები[9]).

1.3. პირველ თავთან დაკავშირებული სხვა რელევანტური სამოქმედო გეგმების და სტრატეგიების შეფასება

ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის პარალელურად, მოქმედებს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული და განახლებული სისხლის სამართლის რეფორმის 2016 და 2017 წლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები.

წინამდებარე სამოქმედო გეგმის მსგავსად, სისხლის სამართლის რეფორმის 2016 და 2017 წლების სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების ცვლილებების შემუშავება და პარლამენტში წარდგენა; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სრულყოფის კუთხით, გაწერილია მტკიცებულებათა დასაშვებობის მარეგულირებელი ნორმების საკანონმდებლო დონეზე დახვეწა; დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესაქმნელად შესაბამისი ცვლილებების ინიცირება. ამ აქტივობების შესრულების ვადად, როგორც 2016 და 2017 წლების სამოქმედო გეგმებში, ისე 2016 და 2017 წლების სტრატეგიებში, განსაზღვრულია 2017 წელი.

ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმებით და სტრატეგიებით გაწერილი ვადებისგან განსხვავებით, წინამდებარე სამოქმედო გეგმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესრულების ვადად 2016 წელს მოიაზრებს. ირიბ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების ვადად განსაზღვრულია 2016-2017 წლები.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმა და სისხლის სამართლის რეფორმის 2016 და 2017 წლების სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები მეტწილად მსგავსია სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების რეფორმირების კუთხით. თუმცა, სისხლის სამართლის რეფორმის 2016-2017 წლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ნაწილში არ ითვალისწინებენ ამ გეგმით გათვალისწინებულ ისეთ მნიშვნელოვან საქმიანობებს, როგორიცაა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში დაზარალებულის უფლებების განმტკიცების მიზნით შესული ცვლილებების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნორმების დახვეწა დადისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლების სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების დისპოზიციაში დამამძიმებელ გარემოებად მითითება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის რეფორმის 2016 და 2017 წლების სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები, ზოგადად, სისხლის სამართლის რეფორმასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეხება, უფრო სწორი იქნებოდა, თუ მათში, ამ რეფორმასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი საქმიანობა თუ ამოცანა აისახებოდა.

რეკომენდაციები

სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაუმჯობესებისათვის  აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

საქართველოს მთავრობას/საქართველოს იუსტიციის სამინისტროს/სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს:

  1. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დახვეწა (დაცვის მხარისა და დაზარალებულის უფლებების გაუმჯობესების მიზნით) და 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში შესაბამისი საკითხების ასახვა;
  2. ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებათა პროექტის დროული ინიცირება საქართველოს პარლამენტში;
  3. სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების მიზნით შემუშავებული ცვლილებათა პროექტის დროული ინიცირება საქართველოს პარლამენტში.

იუსტიციის უმაღლეს სკოლას:

  1. სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი მოსამართლის გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით (რეგიონების დაფარვა) და სპეციალური მოდულების შემუშავება;
  2. ოჯახში ძალადობის თემაზე გადამზადებულ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით (რეგიონების დაფარვა).

მთავარ პროკურატურას:

  1. ოჯახში ძალადობის თემაზე გადამზადებულ პროკურორთა რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით (რეგიონების დაფარვა) და სპეციალური მოდულების შემუშავება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  1. ოჯახში ძალადობის თემაზე შსს- გადამზადებულ თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით (რეგიონების დაფარვა) და სპეციალური მოდულების შემუშავება;
  2. შშს- შიდა კონტროლის მექანიზმის რეფორმის გაგრძელება და ახალი სტანდარტების დანერგვა მექანიზმის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიზნით, მათ შორის, ნორმატიული ჩარჩოს დახვეწა და შესაბამისი პრაქტიკის განვითარება;
  3. შსს- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების გადასამზადებლად,  სპეციალიზებული ტრენინგების ჩასატარებელი გეგმის და მოდულების შემუშავება;
  4. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე შსს- თანამშრომელთა მრავალჯერადი გადამზადება თემატიკის სრულად და საფუძვლიანად დაფარვისთვის და ტრენინგის ეფექტიანობის შეფასების მექანიზმის შექმნა;
  5. შსს- სისტემაში უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის მიზნით სპეციალური რეგულაციების გაწერა (გენერალური ინსპექციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მონაწილეობით).

 

 


[1] Buchler S., Expert on Government Human Rights Action Plan Development, Promoting Rule of Law in Georgia (PROLoG), December 2015, 7.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში, გვ. 396-403, იხ. ასევე გვ. 839-842.

[3] ასევე მოცემულია GDI-ის 2015 და 2016 წლების ანგარიშებში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე  http://gdi.ge/uploads/other/0/368.pdf ; http://gdi.ge/uploads/other/0/252.pdf

[4] მაგალითისათვის, პრობლემები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქციასა და ტერიტორიულ განსჯადობასთან, ასევე, რიგ საკითხებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეკომენდაციების სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით თუ სხვ., იხ. ასევე GDI-ს 2015 წლის შეფასების ანგარიში, გვ. 28-34, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://gdi.ge/uploads/other/0/368.pdf.

[5] ანგარიში საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წწ. ეროვნული სტრატეგიის პროგრესის შესახებ და რეკომენდაციები სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებით, ნიკოლსონი მ. (2017), გვ. 16-17.

[6] GDI-ს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შეფასების 2016 წლის ანგარიში, გვ. 20-21 და საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, გვ. 456.

[7] იხ. GDI სამოქმედო გეგმის 2016 წლის შეფასების ანგარიში, გვ. 24-27 და „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის უზრუნველყოფისათვის” კვლევა და რეკომენდაციები, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა), 2016, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://alfg.ge/wp-content/uploads/2015/07/sisxlis-temaze-kvleva_opt.pdf.

[8] ეუთოს (ODIHR) 2014 წლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://www.osce.org/ka/odihr/130686?download=true, პარა. 171.

[9]ეუთოს (ODIHR) 2014 წლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://www.osce.org/ka/odihr/130686?download=true გვ. 100.


თავის მიზნები

მიზანი 1.1
სისხლის სამართლის კანონმდებლობის გადახედვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 1.2
უშუალოდ სამართალდამცავი სისტემის შიგნით დანაშაულის ჩადენის ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვა და ნებისმიერ გადაცდომაზე ეფექტიანი რეაგირება. აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებაშესაბამისობაში მოყვანა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სრულად გათვალისწინებით.

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა