ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დაგეგმილია:
- ადამიანის უფლებების დაცვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწა
- გადატვირთულობის პრევენცია
- საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება
- სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება
ამ მიზნის მისაღწევად დასახული ამოცანები ადეკვატურია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად, თუმცა, როგორც მათი შესრულების ხარისხი გვაჩვენებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის შესაქმნელად კვლავ მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო - საანგარიშო პერიოდში მხოლოდ უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა დაწესებულებების საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა გადატვირთულობის რეალური მიზეზების დადგენისა და მათი აღმოფხვრის თვალსაზრისით, ხოლო განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის იყო და არანაირი გავლენა არ მოუხდენია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს, მისასალმებელია დადებითი ტენდენციის შენარჩუნება ინფექციური დაავადებების მართვისა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამასთან, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ფსიქიკური აშლილობის მქონე და წამალდამოკიდებულ პაციენტთათვის შეთავაზებული სერვისების ნაკლებობა, რაც თავისთავად სათუოს ხდის სუიციდის პრევენციის პროგრამის გამართულ მუშაობას, ასევე, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად ხდება სამედიცინო კონფიდენციალობა და სხვა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდი განსაკუთრებული პროგრესით არ გამოირჩეოდა.