სამოქმედო გეგმა:

ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად

ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დაგეგმილია:

  • ადამიანის უფლებების დაცვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწა
  • გადატვირთულობის პრევენცია
  • საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება
  • სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამ მიზნის მისაღწევად დასახული ამოცანები ადეკვატურია საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად, თუმცა, როგორც მათი შესრულების ხარისხი გვიჩვენებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის შესაქმნელად კვლავ მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო - საანგარიშო პერიოდში მხოლოდ უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა დაწესებულებების საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა გადატვირთულობის რეალური მიზეზების დადგენისა და მათი აღმოფხვრის თვალსაზრისით, ხოლო განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის იყო და არანაირი გავლენა არ მოუხდენია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

როგორც შიდა და გარე მონიტორინგის ანგარიშები მოწმობს, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში სულ უფრო ძლიერდება კრიმინალურ სუბკულტურა და მასთან ერთად არაფორმალური იერარქიებისა და მმართველობის სისტემა. აღნიშნულის გამო სულ უფრო მწვავედ დგას პატიმრებს შორის ძალადობის პრობლემა. CPT-ის ანგარიშში ვრცლად არის საუბარი N15 დაწესებულებაში არსებულ არაფორმალურ იერარქიასა და „მაყურებლებზე” და დაზიანებებზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, პატიმრებს შორის ძალადობის შედეგი იყო.[1] ანგარიშში აღნიშნულია, რომ ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი იძულებული არიან, წესრიგთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ნაწილი „მაყურებლებს” გადააბარონ, რაც, კომიტეტის აზრით, სუსტ პატიმრებს ძალადობისა და დაშინების საფრთხის ქვეშ აყენებს.[2] 

კიდევ უფრო შემაშფოთებელი ინფორმაციაა თავმოყრილი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019-2020 წლების სპეციალურ ანგარიშებში: „N2 დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები 23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რომ კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. „საერთოს“, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან; ვინც არ დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, სოციუმიდან რიყავენ და გადაჰყავთ სხვა კორპუსში; პატიმრებს ართმევენ ოჯახის მიერ გამოგზავნილ ტანსაცმელს. ე.წ ციხის მაყურებლები სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრის დახმარებით აკონტროლებენ პატიმრების ბარათებზე დარიცხულ თანხებს. ამისთვის აქვთ სპეციალური ჟურნალები, სადაც მითითებულია პატიმრის სახელი და გვარი, ბარათის შემოწმების დრო და ბარათზე დარიცხული თანხის ოდენობა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ასეთი ჟურნალები ერთ-ერთ კორპუსში აღმოაჩინეს”.[3] იმავე სახის პრობლემებზეა საუბარი N15 დაწესებულებასთან მიმართებაში.[4] 

კრიმინალური სუბკულტურის განსაკუთრებით გაძლიერების მაჩვენებლად, 2020 წლის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში, აქცენტი ნახევრად ღია დაწესებულებებიდან სახალხო დამცველისადმი გაგზავნილი განცხადებების სიმცირეზეა გაკეთებული. ანგარიშის თანახმად, პენიტენციური დაწესებულებებიდან სახალხო დამცველთან გაგზავნილი 1384 განცხადებიდან, მხოლოდ 57 იყო ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებიდან. ეს რიცხვი საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც პატიმართა ნახევარზე მეტი სწორედ ამ დაწესებულებებში იხდის სასჯელს.[5]

ზემოაღნიშნული პრობლემის სიმწვავეს ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიან ანგარიშებში ასახული პენიტენციურ სისტემაში მომხდარი დანაშაულები, რომლებზეც გამოძიებაა დაწყებული. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოებაც, რომ ძლიერი არაფორმალური მმართველობის პირობებში, პატიმრები, როგორც წესი, ერიდებიან საჩივრის გაგზავნას, მით უმეტეს, სხვა პატიმრების წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში მოცემული ინფორმაცია დანაშაულების მხოლოდ ნაწილს მოიცავს. სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის XX თავით (დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ)   გათვალისწინებული დანაშაულების ყველაზე მეტი ხვედრითი წილი სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და სსკ-ის 126-ე (ძალადობა)  მუხლებით ჩადენილ ქმედებებზე მოდის.  

2018 წლის განმავლობაში სსკ-ის 126-ე მუხლით 390 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლით - 285 ფაქტზე.[6]

2019 წლის განმავლობაში სსკ-ის 126-ე მუხლით - 580 , ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლით - 294 ფაქტზე.[7] 

2020 წლის განმავლობაში გამოძიება სულ 845 ფაქტზე, სხვადასხვა მუხლით დაიწყო, მათგან სსკ-ის 126-ე მუხლით - 461, ხოლო 120-ე მუხლით - 109 ფაქტზე.[8]

რაც შეეხება მიზანი 4.1-ის მისაღწევად დასახულ კიდევ ერთ ამოცანას, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას შეეხება, მისასალმებელია დადებითი ტენდენციის შენარჩუნება ინფექციური დაავადებების მართვისა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამასთან, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ფსიქიკური აშლილობის მქონე და წამალდამოკიდებულ პაციენტთათვის შეთავაზებული სერვისების ნაკლებობა, რაც თავისთავად სათუოს ხდის სუიციდის პრევენციის პროგრამის გამართულ მუშაობას, ასევე, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამედიცინო კონფიდენციურობა და სხვა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდი განსაკუთრებული პროგრესით არ გამოირჩეოდა.  


[1] წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში საქართველოს მთავრობას საქართველოში 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტის შესახებ, სტრასბურგი, 10 მაისი 2019 წელი, პარ. 51.

[2] წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში საქართველოს მთავრობას საქართველოში 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტის შესახებ, სტრასბურგი, 10 მაისი 2019 წელი, პარ. 51.

[3] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში, 2019 წ., გვ. 20.

[4] Ibid., გვ. 10, 21.

[5]  საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 13-14.

[6] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში, 2018 წელი.

[7] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში, 2019 წელი.

[8] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში, 2020 წელი.


მიზნის ამოცანები

ამოცანა 4.1.1
პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.1.2
პენიტენციურ დაწესებულებებში გადატვირთულობის პრევენცია

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.1.3
საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.1.4
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, პრევენციაზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების, ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა და წამალდამოკიდებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა