პენიტენციური სისტემის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მართვა უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომელიც პრაქტიკულად ყველა სხვა მიმართულებას მოიცავს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემა, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიანი ღონისძიებები, პატიმრების, თანამშრომლების თუ მესამე პირების უსაფრთხოების სათანადო დაცვა წარმოუდგენელია სისტემაში, რომლის მმართველობა არ არის დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე.
ამგვარი მართვის ერთადერთი გზა ადეკვატური რაოდენობის პროფესიონალი თანამშრომლების არსებობაა, რომლებიც იცნობენ და იცავენ დინამიკური უსაფრთხოების პრინციპებს - რეგულარული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა აქვთ პატიმრებთან კანონით დადგენილ ფარგლებში, სთავაზობენ, ხელს უწყობენ და ახალისებენ პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებებში მონაწილეობას, იცნობენ ამ უკანასკნელთა პრობლემებსა და საჭიროებებს და ეძებენ მათი მოგვარების გზებს.
იმ პირობებში, როდესაც სისტემაში მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებები მინიმალურია, არსებობს ძლიერი კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის შორსწასული ფორმები, რომლებიც განაპირობებს პატიმართა შორის ძალადობის ესკალაციას, ხდება დისციპლინური ზომების არაერთგვაროვანი და არაადეკვატური გამოყენება და სხვა მრავალი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით სისტემის მართვაზე საუბარი ძნელია.
უდავოდ მისასალმებელია პირველი ნაბიჯები, რაც გასულ წლებში ამ მიმართულებით გადაიდგა - რისკებისა და საჭიროებების განსაზღვრის მექანიზმის შექმნა, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის დანერგვა. დადებითად აღსანიშნავია ის ძალისხმევა, რაც ამ მექანიზმების სრულყოფისთვის მიმდინარეობს და რაშიც, საქართველოს პენიტენციური სისტემის მესვეურებს აქტიურ დახმარებას უწევს ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტი EU4Justice. იმედს ვიტოვებთ, რომ პრაქტიკაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარე რეფორმა მომავალში ხილულ შედეგს გამოიღებს.