საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს დაიწყო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, რომლის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება.[1] პროგრამის სამიზნე ჯგუფია ყველა მსჯავრდებული, რომელიც უკანასკნელი 15 წლის მანძილზე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. ყოფილი პატიმრების პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია.
2019 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანებას და სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახით ჩამოყალიბებას. იმავე ცვლილების მიხედვით, პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ფუნქცია სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა შეითავს, ხოლო სსიპ - პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად“ გარდაიქმნა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N681 დადგენილებით დამტკიცდა არასრულწლოვანთა რეფერირების წესი. 2020 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს არასრულწოვანთა რეფერირების ცენტრი. დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრის მიზანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ, კანონთან კონფლიქტში მყოფ და სხვა რთული ქცევის მქონე, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა სოციალიზაცია, რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და დანაშაულის პრევენცია.[2]
2020 წელს შემუშავდა საპილოტე სარეაბილიტაციო პროგრამა „Re-Hub”, რომლის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების შრომითი რეაბილიტაციის ხელშეწყობა და ამ გზით განმეორებითი დანაშაულის პრევენცია. აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია მითითებული,[3] თუმცა უცნობია, რამდენმა პირმა ისარგებლა აღნიშნული სერვისით ან როგორი წარმატებით.
[1] საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა და მისი განხორციელების წესი. ხელმისაწვდომია: http://prevention.gov.ge/prevention.gov.ge/uploads/files/aqtebi/programa.pdf
[2] https://m.facebook.com/CenterforCrimePrevention/photos/a.775526452478441/3363845316979862/?type=3&source=57&__tn__=EHH-R.
[3] საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის 12 თვის შესრულების მიმოხილვა, გვ. 14.