ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა კონსულტანტმა, მეგი ნიკოლსონმა მოამზადა ანგარიში, რომელიც შეეხება საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020წწ. ეროვნული სტრატეგიის პროგრესს. ამავდროულად, ანგარიშში ასახულია რეკომენდაციები სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებით. ანგარიში ასახავს ეროვნული სტრატეგიის მიღებიდან 2017 წლის მარტამდე პერიოდს.
მიგნებები და რეკომენდაციები არის როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული ხასიათის. ანგარიშში სტრატეგიის შესრულება თითოეულ თავთან მიმართებით ცალ-ცალკეა შეფასებული. ექსპერტის მოსაზრებით, დღემდე განხორციელებული სამუშაო ძირითადად მიმართული იყო კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმაზე და ამ კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებებიც არის მიღწეული, განსაკუთრებით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვის სფეროში. მომდევნო პერიოდში ყურადღება უნდა გამახვილდეს როგორც სათანადო კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესრულების მონიტორინგზე, ისე იმ გავლენის შეფასებაზე, რომელიც მათ აქვთ ადამიანის უფლებების დაცვასა და რეალიზაციაზე. პროგრესის აღწერის პარალელურად, ნიკოლსონი ხშირად უსვამს ხაზს იმას, რომ გასაკეთებელი ჯერაც ბევრია.
ამავდროულად, ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) გამოყენებაზე პოლიტიკის დოკუმენტებისა და პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში ყველა დონეზე.