საერთაშორისო კონსულტანტმა, ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტმა, დევიდ ჯონსონმა მოამზადა რეკომენდაციები „საქართველოს ადამიანის უფლებების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შესაფერისი სისტემისა და მიმდინარე საქმიანობების შესახებ“. მასვე ეკუთვნის სახელმძღვანელო წესები „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შედგენის, მონიტორინგისა და ანგარიშგებისათვის“.
როგორც რეკომენდაციების ანგარიშში, ასევე სახელმძღვანელო წესებში მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილებულია სამოქმედო გეგმის ლოგიკურ ჩარჩოზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე. ექსპერტის მოსაზრებით მიზნები ჩამოყალიბებული უნდა იყოს, როგორც S.M.A.R.T - მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რესურსებით უზრუნველყოფილი, დროში გაწერილი. ხოლო - საქმიანობები მიმართული უნდა იყოს ამოცანების მიღწევისკენ და შესაბამისად ისინი ხელს უნდა უწყობდნენ მიზნის მიღწევასაც. ექსპერტი მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს სამოქმედო გეგმის შედგენისას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) გამოყენებაზე და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე. მისი რეკომენდაციით ინდიკატორები უნდა იყოს ორი სახის: ა) შესრულების/გავლენის ინდიკატორები, რომლებიც უფრო მეტად არიან დაკავშირებული ამოცანებთან; ბ) შედეგების ინდიკატორები, რომლებიც უფრო მეტად დაკავშირებულია აქტივობებთან. ექსპერტის მიერ შემოთავაზებულია სამოქმედო გეგმის ლოგიკური ჩარჩოს ნიმუშიც.
დოკუმენტები შემუშავდა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში.