სამოქმედო გეგმა:

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა პენიტენციურ დაწესებულებებში

შეფასება:

აღნიშნული ამოცანა და მის ქვეშ მოცემული ერთადერთი საქმიანობა წინამდებარე გეგმის ხარვეზიანობის საუკეთესო მაგალითია. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს ამოცანასთან, რომლის შესრულებაც გულისხმობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარეობს/განხორციელდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა, რაც არათუ საანგარიშო პერიოდში, უახლოეს მომავალშიც კი საკმაოდ პრობლემურად გვესახება (იხ. ქვემოთ), მეორე მხრივ კი გვაქვს აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად დაგეგმილი ერთადერთი საქმიანობა, რომელიც საანგარიშო პერიოდში საკმაოდ წარმატებით განხორციელდა. 

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის 2018 წლის ვიზიტის ანგარიში საკმაოდ შემაშფოთებელ ინფორმაციას შეიცავს პენიტენციური დაწესებულებების მართვის მეთოდებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია N15 დაწესებულების ვითარება, რომელშიც, კომიტეტის დასკვნით, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს „ციხის არაფორმალური იერარქიის გავლენა.”[1] კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ თავად დაწესებულების ადმინისტრაციის აღიარებით, ისინი იძულებულნი არიან, წესრიგისა და უსაფრთხოების კუთხით უფლებამოსილებები „ძლიერ პატიმრებთან” გაინაწილონ. 

აღნიშნული ძალიან შორს არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომისგან, ვინაიდან არაფორმალური მმართველობა, რომელიც არა მხოლოდ N15 დაწესებულების პრობლემაა, პატიმრებს შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის   პირდაპირი მაჩვენებელია, ხოლო ამგვარი მმართველობის არსებობა ეჭვგარეშე მიანიშნებს ციხის მართვის კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებზე, რაც არაორაზროვნად არის მითითებული ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის 2018 წლის ვიზიტის ამსახველ ანგარიშშიც.[2]

ყოველივე ზემოაღნიშნული, ისევე, როგორც ადამიანური რესურსების არაეფექტური მართვა, რაც დატრენინგებული პერსონალის გადინებაში გამოიხატება, ეჭვქვეშ აყენებს იმ პოზიტიურ ღონისძიებებსაც, რაც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა. კერძოდ,  ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice მხარდაჭერით მომზადდა სახელმძღვანელო პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებზე. ციხის მართვის თანამედროვე მეთოდებსა და პატიმრების უფლებების კუთხით აქტუალურ თემებზე დატრენინგდნენ ყველა დაწესებულების მენეჯერები.

 


[1]  წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში საქართველოს მთავრობას საქართველოში 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტის შესახებ, პარ. 51.

[2] Ibid., პარ. 52.


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 4.5.6.1
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომაზე მაღალი და შუა რგოლის მენეჯერების გადამზადება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა