ინდიკატორი: ყველა მსჯავრდებულის საშიშროების რისკი განსაზღვრულია და განთავსებულია შესაბამის დაწესებულებაში;
ქცევაზე დაფუძნებული რისკის შეფასების ინსტრუმენტში შეტანილია ცვლილებები რომელიც ეფუძნება კლასიფიკაციის/საშიშროების შეფასების ინსტრუმენტი ობიექტურ, ქულათა დაჯამების სისტემას;
შეფასებულია პილოტირების შედეგები და რეკომენდაციები გათვალისწინებულია იმპლემენტაციის პროცესში;
შეფასება:
რისკის შეფასების სისტემა არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული როგორც ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT), ისე საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ. პრობლემები და გამოწვევები კვლავ უცვლელია - პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს კვლავ გადამწყვეტი სიტყვა აქვს რისკის განსაზღვრის პროცედურაში, ხოლო ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების მონაწილეობა, CPT-ის შეფასებით, კვლავ ნომინალურია. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია რისკების შეფასების შედეგად დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილთა რაოდენობა იმის გათვალისწინებით, რომ სისტემას არ გააჩნია რისკის შემცირების ხელშემწყობი პირობები, მსჯავრდებულებს არ აქვთ ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობისა და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე, რაც შეუძლებელს ხდის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებას.
რაც შეეხება რისკებისა და საჭიროებების შეფასებას და მათზე დაყრდნობით მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას, აღნიშნული მექანიზმის შემოღება, თავისთავად, წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა როგორც წამების პრევენციის კომიტეტის, ისე სახალხო დამცველის შეფასებით, მისი პრაქტიკაში გამოყენება ჯერ კიდევ სერიოზული ხარვეზებით ხდება - კვლავ არ არის უზრუნველყოფილი მსჯავრდებულის ჩართვა აღნიშნულ პროცესში, რაც თავისთავად მიანიშნებს, რომ განსაზღვრული რისკები და საჭიროებები ნაკლებად უპასუხებს კონკრეტული მსჯავრდებულის მოთხოვნილებებს, ასევე, ინდივიდუალური გეგმები ამ ეტაპზე ძირითადად ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის არსებობს, ხოლო მამაკაც მსჯავრდებულთათვის მათი შედგენა მომავალში არის დაგეგმილი.
დადებითად აღსანიშნავია ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის - EU4Justice აქტიური ჩართულობა რისკებისა და საჭიროებების განახლებული მექანიზმის შემუშავებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის N502 ბრძანებით დამტკიცდა სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესი (შემთხვევის მართვის წესი), რომელიც საკმაოდ დეტალურია და პრაქტიკაში ადეკვატური დანერგვის შემთხვევაში შესაძლოა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიდგომების გაუმჯობესების თვალსაზრისით.