ძირითადი მიგნებები
ანგარიშის ამ ნაწილში წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-17 წლებისთვის) V თავის მონიტორინგის შედეგები. V თავით დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2014-2020 წლებისთვის) ერთ-ერთი პრიორიტეტის - ადამიანის წამებისა და არასათანადო მოპრობის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების განხორციელება გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების წარმოების ჩათვლით - განხორციელებას.
მიუხედავად საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რიგი საქმიანობებისა, მიზანი - არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა და პრევენცია – ჯერ კიდევ მიუღწეველია უწყებების არაკოორდინირებული და უსისტემო მუშაობის, სამოქალაქო საზოგადოების დაბალი ჩართულობის და სხვა რიგი მიზეზების გამო. ადამიანის უფლებების სამთავრობო სამოქმედო გეგმასა და წამებასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ გეგმაში ასახული საკითხების დუბლირება ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.
დადებითად უნდა აღინიშნოს საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული, უნივერსალურ და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია.
მისასალმებელია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ და შსს-მ არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების „სტამბოლის პროტოკოლთან“ შესაბამისი ფორმები შეიმუშავეს. მომავალში საჭირო იქნება ყველა მოქმედი და მომავალი მოსამსახურის მომზადება/გადამზადება აღნიშნული ფორმების გამოყენებით არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებაში, ისევე, როგორც პრაქტიკაში დოკუმენტირების მეთოდოლოგიის ეფექტური დანერგვა.
ასევე მისასალმებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით გაუმჯობესდა შიდა მონიტორინგის მექნიზმების სამართლებრივი ბაზა სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში; მომავალში სასურველი იქნება აღნიშნული გაუმჯობესება პრაქტიკაშიც აისახოს.
სამთავრობო სამოქმედო გეგმის V თავი არ ან არასათანადოდ მოიცავს მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნა, სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება, სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და სხვა.
საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის სამართლებრივი ბაზის ანალიზი, არ მიმდინარეობს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა, რაც აუცილებელია მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამის შესამუშავებლად; სასურველი იქნებოდა დახურული დაწესებულებების მოსამსახურეთათვის სპეციალური პროცედურების გამოყენების დეტალური ინსტრუქციების/პროტოკოლების შემუშავებაც.
სამთავრობო გეგმა არ ითვალისწინებს, ხოლო შესაბამისი უწყებები არასათანადოდ უზრუნველყოფენ დახურული დაწესებულებების პერსონალის სპეციალური პროცედურების გამოყენებაში რეგულარულ გადამზადებას (ძალის/იარაღის გამოყენება, სპეციალური საშუალებების გამოყენება, ჩხრეკა და სხვა).
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კონცეფცია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახურული შემუშავების პროცესის შედეგად წარმოადგინა, ინსტიტუციურად გაუმართავია, არ მოიცავს დევნის უფლებამოსილებას, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი ამოქმედებით არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება გაუმჯობესდება.
კვლავ პრობლემად რჩება დაკავებულ პირთათვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური და კვებითი პირობების, პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით გარკვეული გაუმჯობესებები ყველა უწყებაში აღინიშნება, თუმცა მიღწეული პროგრესი არასაკმარისია.
დღესდღეობით სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი დახურული დაწესებულებების ერთადერთი გარე მონიტორინგის საშუალებაა ქვეყანაში, რომლის უფლებამოსილებებს ფოტოგადაღების უფლება დაემატა, თუმცა აღნიშნული ცვლილება იმდენად ხარვეზიანი სახითაა წარმოდგენილი, რომ ამ უფლებამოსილების პრაქტიკაში განხორციელების საკითხი ეჭვქვეშ დგება.
ზოგადი მიმოხილვა
არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის კუთხით საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დახურულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობა -სტაციონარული ფსიქიატრიული პაციენტების აუტანელი საცხოვრებელი პირობები, ციხის თანამშრომელთა მხრიდან, ასევე, ადმინისტრაციის მდუმარე თანხმობით ან წაქეზებით პატიმართა შორის ძალადობის და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები, მოძრაობის შეზღუდვების და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის მძიმე საცხოვრებელი პირობები პენიტენციურ დაწესებულებებში - სისტემურ პრობლემად რჩება.საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა ღონისძიებები, რომლებიც მომავლისთვის მაინც რადიკალურად შეცვლიდა ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მოგვაახლოებდა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნის შესრულებასთან. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, უწყებების არაკოორდინირებული მოქმედება, მეორე მხრივ კი ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში მოცემული საქმიანობებისადმი ფორმალისტური დამოკიდებულებაა. ხშირ შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობის, პოლიტიკის თუ პროგრამის შემუშავების პროცესში არ განხორციელებულა საჭიროებებისა და ხარვეზების კვლევა, პროცესები ძირითადად გაუმჭვირვალე იყო და არ უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების ჯეროვან ჩართულობას.
პრობლემის გადაჭრას ხელს არ უწყობს ის, რომ სამთავრობო სამოქმედო გეგმასა და წამებასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის მეხუთე თავს მხოლოდ ერთი მიზანი-წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა აქვს და მასში გაერთიანებულია რვა ამოცანა შესაბამისი საქმიანობებით. ეს თავი ასახავს ოთხ ძირითად მიზანს, რომელიც მოცემულია ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ გეგმაში 2015-2016 წლებისთვის. ამ გეგმების პარალელური არსებობა ზედმეტ დაბრკოლებად მიგვაჩნია პასუხისმგებელი უწყებებისთვის, რომლებსაც პარალელურად უწევთ ორი სხვადასხვა გეგმით გაწერილ პრაქტიკულად იდენტურ აქტივობებზე მუშაობა და მათ შესრულებაზე სხვადასხვა უწყებებთან ანგარიშგება.
სამთავრობო სამოქმედო გეგმაში, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლისთვის დასახულ ღონისძიებებს შორის, გამორჩენილია მნიშვნელოვანი საკითხები:
- 2014-20 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით[1]გათვალისწინების მიუხედავად, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის თავში (და არც არსად გეგმაში) არ ფიგურირებს დახურული დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბება[2];
- საკითხის სიმწვავის მიუხედავად, გეგმაში არსად არის საუბარი კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებული გავლენის შედეგებზე არასათანადო მოპყრობის კუთხით და მათი აღმოფხვრის თვალსაზრისით განსახორციელებელ ღონისძიებებზე[3];
- V თავი მოიცავს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას, თუმცა დღემდე არ არის განსაზღვრული წამების მსხვერპლის სტატუსის არსი და მისი მიღების პროცედურები და ამას არც წინამდებარე გეგმა ითვალისწინებს;
- თავში არ არის ასახული დეტალური პროტოკოლის გაწერა და თანამშრომლების რეგულარული ტრენინგი ყველა იმ პროცედურაში, რომლებიც არასათანადო მოპყრობის განხორციელების პოტენციურ რისკს შეიცავს - ძალის გამოყენება, სპეციალური საშუალებების გამოყენება, ინციდენტების მართვა, ჩხრეკა და სხვა.
სამთავრობო სამოქმედო გეგმის მეხუთე თავი სხვა რამდენიმე ხარვეზსაც შეიცავს:
- მეხუთე თავის ორი იდენტური ამოცანის ქვეშ განსხვავებული საქმიანობებია განსაზღვრული, რაც შესაძლოა მექანიკურ შეცდომად ჩაითვალოს, თუმცა სამთავრობო სამოქმედო გეგმაში მსგავსი ტიპის ხარვეზების ქონა დაუშვებელია.
- პასუხისმგებელ უწყებად იუსტიციის სამინისტროს მითითება ასევე არ არის მართებული, ვინაიდან, 2009 წლის 27 ნოემბერს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს წამებასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის კოორდინაციასა და აგვარებს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ საკითხებს, რაც არ გულისხმობს სამთავრობო სამოქმედო გეგმის V თავში მოცემული ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებლობას.
- მესამე მნიშვნელოვანი ხარვეზია სისხლის სამართლის კოდექსში წამების განსაზღვრების გაერო-ს წამებასთან ბრძოლის კონვენციის პირველ მუხლთან - საჯარო მოხელე, როგორც სპეციალური სუბიექტი, წაქეზება, თანხმობა, დუმილით გამოხატული თანხმობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხის მოგვარება, დიდი ალბათობით, ასახული იქნება 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმაში.
რაც შეეხება ამ თავით განსაზღვრული ერთადერთი მიზნის შესრულების ხარისხს, საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა, თუმცა ისინი არასაკმარისია დასახული მიზნის მისაღწევად.
რეკომენდაციები:
საქართველოს მთავრობას
- ადამიანის უფლებათა მომავალ სამოქმედო გეგმაში ასახოს:
-
- სამთავრობო უწყებებისგან დამოუკიდებელი და ეფექტიანი დახურული დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნა;
- არასათანადო მოპყრობის კუთხით, კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებული გავლენის შედეგების აღმოფხვრის თვალსაზრისით განსახორციელებელი ღონისძიებები;
- ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა (რომლებიც არ იმყოფებიან სტაციონარში), ასევე, სხვა დახურულ დაწესებულებებში (შშმ პირთა, მოხუცთა, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, ბავშვთა სახლები და სხვა) განთავსებულ პირთა არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ღონისძიებები;
- ყველა საკანონმდებლო ცვლილების ან სახელმწიფო პროგრამის მიღების წინ შესაბამისი ნორმატიული ბაზის, პრაქტიკის, საჭიროებების კვლევის განხორციელება და გამოვლენილი ხარვეზების/საჭიროებების ასახვა შემუშავებულ დოკუმენტში.
- მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრასთან და აღნიშნულ სტატუსზე მიბმულ სახელმწიფო ვალდებულებებთან დაკავშირებით.
იუსტიციის სამინისტროს
- მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი ცვლილებების პროექტი სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლში მოცემული წამების განსაზღვრების გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციასთან თანხმობაში მოყვანის თვალსაზრისით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საჯარო მოხელის, როგორც სპეციალური სუბიექტის მითითება, ასევე, წაქეზებით, თანხმობით ან მდუმარე თანხმობით ჩადენილი ქმედების წამებად კვალიფიცირება;
- საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისას უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალეობა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
- პროაქტიურად იმოქმედოს სხვადასხვა უწყებებს შორის დაგეგმილი საქმიანობების შესრულების კოორდინირებისას შესრულებული საქმიანობების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების კუთხით.
წამებასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს
- ხელი შეუწყოს უწყებათაშორის შეთანხმებას ერთიანი და სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების შეგროვების სისტემის ჩამოყალიბებაზე, სადაც ასახული იქნება სრული ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის საკითხებზე, კერძოდ, მითითებული იქნება, ყველა შემთხვევაზე, რომელი უწყების თანამშრომლებს შეეხება, ასევე, სტატისტიკა წარმოებული იქნება არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ უშუალოდ არასათანადო მოპყრობის ფაქტებიდან/საჩივრებიდან გამომდინარე (მათ შორის, რამდენი არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ შევიდა საჩივარი ამა თუ იმ უწყებაში, რომელი უწყებების თანამშრომლების წინააღმდეგ, რამდენ მათგანზე დაიწყო/შეწყდა გამოძიება, სსკ-ის რომელი მუხლით/მუხლებით, რამდენი პირის მიმართ დაიწყო სს დევნა, რამდენი საქმე და რამდენი პირის მიმართ წარიმართა სასამართლოში, რამდენზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ა.შ.);
- უზრუნველყოს სასწავლო ცენტრების კოორდინაცია არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის თემატიკაზე დაგეგმილი მომზადება/გადამზადების პროგრამების შინაარსისა და მოცულობის თვალსაზრისით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,
- უზრუნველყონ სპეციალური პროცედურების (ძალის გამოყენება, იარაღის/სპეცსაშუალებების გამოყენება, ჩხრეკა, ინციდენტების მართვა) დეტალური პროტოკოლების გაწერა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, შესაბამისი აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემაც იქნება გაწერილი;
- უზრუნველყონ მოქმედი და მომავალი მოსამსახურეების სათანადო მომზადება/გადამზადება სპეციალური პროცედურების გამოყენებაში;
- განახორციელონ აუდიო-ვიდეო მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და დადგენილი საჭიროებების შესაბამისად, აუდიო-ვიდეო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება, მათ შორის, ვიდეოთვალის ჩანაწერების შენახვის გონივრული ვადის განსაზღვრა.
შინაგან საქმეთა მინისტრს
- 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით სამედიცინო პერსონალს მიეცეს საშუალება, დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, უშუალოდ მიმართოს პროკურატურას, იზოლატორის უფროსის ჩარევის გარეშე (დმი-ს შინაგანაწესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი).
შინაგან საქმეთა სამინისტროს
- უზრუნველყონ სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით მომზადებულ დაზიანებების დოკუმენტირების ფორმების დანერგვა ყველა დმი-ში;
- უზრუნველყონ არასამედიცინო პროფილის მოსამსახურეთა რეგულარული გადამზადება სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით დაზიანებების დოკუმენტირების საკითხში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
- უზრუნველყოს დახურული ტიპის დაწესებულებებსა და ინსტიტუციებში (ფსიქიატრიული პროფილის სამედიცინო დაწესებულებები, თავშესაფრები, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და ა.შ) მყოფი პირების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით სათანადო ღონისძიებების გატარება; განსაკუთრებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, მომსახურების წვდომისა და ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით;
- უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა რებილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და ამოქმედება.
სასწავლო ცენტრებს
- რეგულარულად განხორციელდეს სასწავლო პროგრამების ხარვეზების შესწავლა და მათ აღმოფხვრაზე მუშაობა, ასევე, გადასამზადებელი თანამშრომლების ნუსხის წინასწარი განსაზღვრა და შესაბამისი თემატიკის შერჩევა მათი ფუნქციების გათვალისწინებით.
[1] დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 აპრილის №2315-IIს დადგენილებით http://myrights.gov.ge/ka/documents/documents/strategy
[2] საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015 წლებისთვის), 5.1.8 ამოცანა, მართალია, ითვალისწინებდა სამინისტროსთან არსებული ეფექტიანი საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნას, თუმცა ამგვარი მექანიზმის სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებობა ნაკლებად უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
[3] აღნიშნულ პრობლემაზე საკმაოდ ვრცლად არის საუბარი სახალხო დამცველის 2016 წლის წლიურ ანგარიშში, გვ. 49-50 http://ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf