ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით: „არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი ყველა ის პაციენტი, რომელიც წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის და სხვა სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარს, უფლებამოსილია სომატური დაავადებების სამკურნალოდ ისარგებლოს აღნიშნული პროგრამებით. რეფერალური პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია, განხილულ იქნას იმ მომსახურების დაფინანსების საკითხი, მიუხედავად პაციენტის მოქალაქეობისა, რომელიც არ იფარება ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2019 წელს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში განთავსებული პაციენტები უზრუნველყოფილი არიან როგორც ფსიქიკური, ასევე, საჭიროების შემთხვევაში სომატური სამედიცინო სერვისებით.“[1]
სამდივნოს ანგარიშისგან განსხვავებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიშში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის თაობაზე მთელი რიგი პრობლემებია ხაზგასმული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ არის დანერგილი და ხელმისაწვდომი მულტიდისციპლინური მიდგომისა და პაციენტთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე რეაბილიტაციისა და გამოჯანმრთელების (ე.წ. recovery) ინდივიდუალური გეგმების შედგენისა და განხორციელების პრაქტიკა. მატერიალური თუ ადამიანური რესურსების სიმწირის გამო რეაბილიტაციისკენ მიმართული აქტივობები საერთოდ არ ხორციელდება.[2]
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი პირები, უმეტეს შემთხვევაში, გადაუდებელი წესით გადაჰყავთ სამოქალაქო ჯანმრთელობის სერვისებით სარგელობის მიზნით. ეს შესაძლებელია დავუკავშიროთ დაავადებების დროული გამოვლენის და გეგმური მკურნალობის არარსებობას. 2019-2020 წლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში არ არის გათვალისწინებული ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სომატური ჯანმრთელობის პრობლემების მონიტორინგი და მკურნალობა.[3]
პრობლემებია ფსიქიატრიული შემთხვევის ადეკვატური მართვის თვალსაზრისითაც. გაწეული მომსახურება არ არის ორიენტირებული გამოჯანმრთელებაზე/აღდგენაზე (recovery) და არ არის დაფუძნებული პიროვნული ავტონომიის პატივისცემაზე. რიგ შემთხვევებში, განხორციელებული ინტერვენცია პაციენტს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.[4]
გამოვლენილია მედიკამეტების არამიზნობივი და ზედოზირებით დანიშვის შემთხვევები. სამედიცინო ბარათების შესწავლით დგინდება, რომ რამდენიმე შემთხვევაში პაციენტებს ერთდროულად ორი, სამი ან მეტი ანტიფსიქოზური მედიკამენტი ჰქონდათ დანიშნული, როდესაც კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად, პაციენტების უმეტესობისთვის ერთი ანტიფსიქოზური მედიკამენტის დანიშვნაა რეკომენდებული.
პრობლემურია პაციენტის ინფორმირების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობის საკითხი. მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ პაციენტები აღნიშნულ პროცესში სათანადოდ ჩართული არ არიან, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გამოკითხული პაციენტების ნაწილმა საერთოდ არ იცის დიაგნოზი და დანიშნული მედიკამენტების დასახელება, არ ფლობენ ინფორმაციას მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების შესახებ.[5]
წარმოდგენილი მიმოხილვის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ აღნიშნული ამოცანით გათვალისწინებული მიზანი არ არის მიღწეული. არსებული გამოწვევები ცხადყოფს, რომ შეზუღუდულია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიკური თუ სომატური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და მოხმარება.
[1] გვ. 68-69
[2] საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიში, 2020 წელი, გვ. 135-136
[3] საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიში, 2020 წელი, გვ. 137
[4] საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიში, 2020 წელი, გვ. 135
[5] საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიში, 2020 წელი, გვ. 134