რაც შეეხება შიდაუწყებრივი კონტროლის მექანიზმებს, შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ცნობით:
“2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, გენერალურ ინსპექციაშიც გატარდა რეფორმა. გენერალურ ინსპექციაში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმის შედეგად:
- შემცირდა ბიუროკრატიული ბარიერები, ნათლად გაიმიჯნა სამმართველოებს შორის კომპეტენცია. შეიქმნა სამმართველო რომელიც განიხილავს მოქალაქეთა საჩივარ/განცხადებებს და ატარებს სამსახურებრივ შემოწმებებს სამინისტროს ყველა დანაყოფის დისციპლინური დარღვევის ფაქტებზე. ჩამოყალიბდა განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტებისა და სხვა სპეციალური ქვედანაყოფების შემოწმების სამმართველოდ. აღნიშნული სამმართველო ახორციელებს შს სამინისტროს გასამხედროებული ტიპის დანაყოფების ინსპექტირებებს, სამართლებრივი ჩარჩოს და გეგმების ანალიზს, მზადყოფნის, მომზადების დონის და დისციპლინის მონიტორინგს, შეიქმნა დამატებითი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში). ცვლილებების შედეგად, უფრო ეფექტური და მოქნილი გახდა გენერალური ინსპექციის მუშაობა და გადაცდომებზე რეაგირება.
ასევე გატარდა ღონისძიებები გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესასწავლად.
- 2018 წლის 19-22 ივნისს ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა გენერალური ინსპექციის სასწავლო ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები შეხვდნენ ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექტორს, ასევე, ეროვნული პოლიციის, სასაზღვრო პოლიციისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფის მონიტორინგის სამსახურების („Immunity Board“) ხელმძღვანელებს. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველობის არსებული პრაქტიკა, დისციპლინური წარმოების პროცედურები, არსებული გამოწვევები, სამართლებრივი ჩარჩო და მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები. განხილულ იქნა ასევე საზოგადოების ნდობის მნიშვნელობა პოლიციის საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი უწყებების წარმატებული საქმიანობისთვის და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის ლიტვური პრაქტიკა.
2018 წლის 24 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი საერთაშორისო ორგანიზაცია - „შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის“ ექსპერტების მიერ. ღონისძიება განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საბჭოს“ მხარდაჭერით დახმარებით. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს - პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველობის პრინციპები, პოლიციის საქმიანობის მონიტორინგის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. განხილული იქნა ასევე არსებული რეალობა და გამოწვევები.”