სამოქმედო გეგმა:
ამოცანა: უცხოელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა

აქტივობა: უცხოელ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მათთვის გასაგებ ენაზე განემარტოთ, მათი უფლებები და მოვალეობები, ციხის რეჟიმის პირობები, იურიდიული კონსულტაციის და დახმარების უფლება

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი, 2018 წლის ანგარიშში, ენობრივი ბარიერის გამო უცხოელი პატიმრებისთვის სერვისებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას კვლავ პრობლემურ საკითხად განიხილავს.[1] 

საქართველოს სახალხო დამცველის და ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიშის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ მიხედვით: მანდელას წესების შესაბამისად, დაწესებულების ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ციხის კონტინგენტს შორის ხშირად გამოყენებულ ენებზე. იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს არ ესმის არც ერთი ამ ენათაგანი, უნდა მოხდეს თარჯიმნის მოსახურებით უზრუნველყოფა. აღნიშნული, აგრეთვე, გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას დაწესებულების შინაგანაწესის, პატიმრის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. მათ შორის, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რაც დაეხმარება პატიმარს ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციაში. ზემოაღნიშნულ პრობლემებთან ერთად, უცხოელი პატიმრები მათთვის გასაგებ ენაზე სათანადოდ არ არიან ინფორმირებულები მათი უფლებების შესახებ.[2]

ენობრივი ბარიერის მწვავე პრობლემაზე საუბრობს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიშიც: „დაწესებულებებში მწვავედ დგას ენობრივი ბარიერის პრობლემა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებში, ასევე საქართველოს მოქალაქეთა ნაწილში. გამოკითხულ პირებს ჰქონდათ კომუნიკაციის დეფიციტი, მათი ემოციური მდგომარეობა ინტერვიუს დროს იყო ცვალებადი და რამდენიმემ იტირა კიდეც. პატიმრები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გაეცნონ საკუთარ უფლებებს.“[3] მიუხედავად ამისა, მთავრობა სამოქმედო გეგმის მონიტორინგის 2019 წლის ანგარიშში აცხადებს, რომ 2019 წლის განმავლობაშიც ყველა ბრალდებული/მსჯავრდებულის ინფორმირება მათი უფლებების შესახებ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ხორციელდება დაწესებულებაში შეყვანის დროს. საჭიროების შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მსჯავრდებულების უზრუნველყოფა ხდება თარჯიმნის როგორც წერილობითი, ისე ზეპირი მომსახურებით.[4]

პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, “ენობრივი ბარიერი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო უცხოელი პატიმრებისთვის, რომლებსაც მათთვის გასაგებ ენაზე არ მიეწოდებოდათ ინფორმაცია დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ.”[5]

 


[1]   საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში, გვ.50.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ერთობლივი სპეციალური ანგარიში “ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში”, 2018 წელი, გვ. 32.

[3] საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიში, გვ. 69

[4] ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს 2019 წლის ანგარიში, გვ. 62

[5] საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექამიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 36.

სტატუსი:
ნახევარზე ნაკლები შესრულებულია
დაწყების თარიღი:
01 იანვარი, 2018
ბოლო ვადა:
31 დეკემბერი, 2020
პასუხისმგებელი უწყება:
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინდიკატორი:
ეროვნული და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების/ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშები
ამოცანა 4.5.3