საქმიანობა 4.5.4.1 და 4.5.4.2-თან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი. აღნიშნულ ამოცანასთან დაკავშირებით სამსახური უთითებს შემდეგს:
„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით დაიხვეწა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ კონფიდენციალური საჩივრის გაგზავნასთან დაკავშირებული პროცედურებიც, კერძოდ, გარდა იმისა, რომ პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას, იმ შემთხვევაში თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის ან მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია, პენიტენციური დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს კონფიდენციალური საჩივარი. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შეინახოს საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი. პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით კიდევ უფრო დაიხვეწა არსებული მექანიზმი, კერძოდ, ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი გახდა უფრო ეფექტური და სასამართლოს მიეცა საშუალება სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
1.ძალაში დატოვოს სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სამსახურის ადგილობრივ საბჭოს დაავალოს სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა;
3. ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაავალოს მას პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების უკანასკნელი ფორმა წარმოადგენს სიახლეს. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად.
2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებული იქნა ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული 144 გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან:
- სრულად დაკმაყოფილდა (გათავისუფლების თაობაზე) 4 სარჩელი;
- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (ხელახლა განხილვა) 38 სარჩელი;
- არ დაკმაყოფილდა 74 სარჩელი;
- გახმობილი იქნა 11 სარჩელი;
- საქმისწარმოება შეწყდა 5 სარჩელზე;
- განუხილველი დარჩა 1 სარჩელი;
- საქმისწარმოება არ დასრულებულა 11 სარჩელზე.
2019 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული 114 გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან:
- სრულად დაკმაყოფილდა (გათავისუფლების თაობაზე) 8 საჩივარი;
- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (ხელახლა განხილვა) 35 საჩივარი;
- არ დაკმაყოფილდა 35 საჩივარი;
- გახმობილი იქნა 15 საჩივარი;
- საქმისწარმოება შეწყდა 5 სარჩელზე;
განუხილველი დარჩა 6 საჩივარი;
საქმისწარმოება არ დასრულებულა 14 საჩივარზე.