სამოქმედო გეგმა:
ამოცანა: პენიტენციურ დაწესებულებებში საცხოვრებელი და ყოფითი პირობების მორგება ბრალდებულ/მსჯავრდებულთა განსაკუთრებულ სჭიროებებზე

აქტივობა: პენიტენციურ სისტემაში მყოფი ქალი ბრალდებულების/მსჯავრდებულების სპეციფიკური საჭიროებების შეფასება და გამოვლენა

2018 წელს სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში “ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში” საუბარია მთელ რიგ პრობლემებზე, რომლებსაც N5 დაწესებულებაში განთავსებული ქალი მსჯავრდებულები აწყდებიან.[1]

უპირველეს ყოვლისა, კვლავ პრობლემად რჩება ქალი პატიმრების შემოწმების საკითხი, კერძოდ კი დაწესებულებაში მიღებისას და დაწესებულების დატოვებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების მიმართ სრული პირადი შემოწმების გამოყენება გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს მენსტრუალური ციკლი. აღნიშნულის გამო პატიმრები უარს აცხადებდნენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო პროცესზე გაყვანაზე.[2]

იმავე ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია, ასევე, გაშიშვლების მეთოდი. კერძოდ, გაშიშვლებისას ქალ პატიმრებს სთხოვენ ტანსაცმლის ერთბაშად და არა ნაწილ-ნაწილ გახდას, რაც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს[3].

იქვე აღნიშნულია, რომ სკანერით შემოწმება, მიუხედავად N5 დაწესებულების დებულებაში არსებული ჩანაწერისა, გამოიყენება გაშიშვლებასთან ერთად და არა, როგორც შემოწმების ალტერნატიული მეთოდი.[4]

სპეციალურ ანგარიშში ასევე საუბარია მთელ რიგ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე, რომლებსაც ქალი პატიმრები აწყდებიან N5 დაწესებულებაში: ცხელი წყლის არარსებობა, ვენტილაციის პრობლემები, სავარჯიშო სივრცის ნაკლებობა ზოგიერთ კორპუსში და ა.შ.[5]

პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, პრობლემურია იმ ქალთა მდგომარეობა, რომლებიც N2 დაწესებულებაში არიან განთავსებულნი, ვინაიდან აღნიშნულ დაწესებულებაში მათ ხელი არ მიუწვდებათ სპეციფიკურ სერვისებზე.[6]

 


[1] საქართველოს სახალხო დამცველის და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ერთობლივი სპეციალური ანგარიში “ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში”, 2018 წელი

[2] Ibid., გვ. 23

[3] წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში ჩეხეთის მთავრობას ჩეხეთში 2014 წლის 1-10 აპრილის ვიზიტის შესახებ, სტრასბურგი, 31 მარტი 2015 წელი

[4] საქართველოს სახალხო დამცველის და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ერთობლივი სპეციალური ანგარიში “ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში”, 2018 წელი, გვ. 24

[5] საქართველოს სახალხო დამცველის და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ერთობლივი სპეციალური ანგარიში “ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში”, 2018 წელი, გვ. 26-28

[6] საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში, 2019 წელი, გვ. 50

სტატუსი:
ნახევარზე ნაკლები შესრულებულია
დაწყების თარიღი:
01 იანვარი, 2018
ბოლო ვადა:
31 დეკემბერი, 2018
პასუხისმგებელი უწყება:
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინდიკატორი:

პენიტენციურ დაწესებულებებში საცხოვრებელი და ყოფითი პირობები მორგებულია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა განსაკუთრებულ საჭიროებებზე

ამოცანა 4.2.2

ამოცანის სხვა აქტივობები::

აქტივობა 4.2.2.2
შშმ პირების საჭიროების გათვალისწინებით კომპაქტურად განთავსების ადგილებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა
სრულად წაკითხვა