ამ ეტაპზე უცნობია მოხდა თუ არა პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერების ამაღლება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მულტიდისციპლინარული გუნდების გადამზადების პროგრამა (იხ. ამოცანა 4.2.1-ის შესრულების შეფასება) აუცილებლად მოიცავდა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებსაც, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მონაცემების სხვადასხვა სახეობაზე პენიტენციური სისტემის პრაქტიკულად ყველა თანამშრომელს მეტ-ნაკლებად მიუწვდება ხელი. შესაბამისად, მხოლოდ ერთი სახის ტრენინგის მაგალითზე ვერ ვიმსჯელებთ, რამდენად აქტიური ნაბიჯები გადაიდგა ყველა მათგანის ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით.
სახელმწიფო ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავების 70-მდე პროცესი შეისწავლა. აქედან 10 შეეხებოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს/იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. 10-დან 5 შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა.[1]
იმავე ანგარიშის თანახმად, „გასულ წლებთან შედარებით 2018 წელს საგრძნობლად შემცირებულია სამართალდამცავ სექტორში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მომართვიანობა პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის გზით ან სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას მონაცემების დამუშავების ფაქტებთან მიმართებით, რაც, თავის მხრივ, მეტყველებს ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებისა და უწყების მხრიდან გატარებული ზომების ეფექტზე.”[2]
საგულისხმოა, რომ 2017 წლის ანგარიშში სახელმწიფო ინსპექტორი ასევე აღნიშნავს კლების ტენდენციას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართვიანობასთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე ვიდეომეთვალყურეობის გზით და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას მონაცემების დამუშავების ფაქტებთან მიმართებით, რაც, ინსპექტორის აზრით, „მიუთითებს ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან გატარებული ზომების დადებით ეფექტზე.”[3]
იმავე ანგარიშში მითითებულია პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების თაობაზე:
- ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის თაობაზე მსჯავრდებულების არაინფორმირებულობა;[4]
- ტელეფონით სარგებლობისას არსებული პრობლემები.[5]
სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში არაფერია ნათქვამი 2017 წლის ანგარიშში აღნიშნული პრობლემების მოგვარების თაობაზე. თუმცა, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში ცხადყოფს, პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემები პენიტენციურ სისტემაში კვლავ უცვლელია.[6]
პრობლემის მოუგვარებლობას ადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშიც, რომელშიც საუბარია რამდენიმე საქმეზე, სადაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით ინსპექტორმა პენიტენციურ სამსახურს დარღვევა დაუდგინა:
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით შემოწმდა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მსჯავრდებულ პირთა პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. შედეგად დადგინდა, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მონაცემთა დამმუშავებელს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა გასაჯაროებული ინფორმაციის წაშლა ან დეპერსონალიზაცია;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეში მასმედიის საშუალებებით გავრცელდა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი რამდენიმე მსჯავრდებულის საჩივარი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხებოდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემებს. საჩივარს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური: მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა მონაცემები მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დადგინდა დარღვევა, რადგან გასაჯაროვდა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. ამასთან, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა გასაჯაროებული ინფორმაციის წაშლა ან დეპერსონალიზაცია.
[1] პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიში “პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ”, 2018 წ., გვ. 62-63.
[2] პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიში “პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ”, 2018 წ., გვ. 62.
[3] პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიში “პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ”, 2017 წ., გვ. 38.
[4] Ibid., გვ. 44-45.
[5] Ibid., გვ. 52-53.
[6] საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში, გვ. 33, 48.