ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი, 2018 წლის ვიზიტის ანგარიშში, პოზიტიურ სამართლებრივ განვითარებად მიიჩნევს რისკების ინდივიდუალურად შეფასების (ყველა პატიმრისთვის) და სასჯელის ინდივიდუალური გეგმის (მისჯილი პატიმრებისთვის) დანერგვას სასჯელაღსრულების სისტემაში; თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ: „სამწუხაროდ, ორივე ინსტრუმენტი შორს დგას (სათანადოდ) პრაქტიკაში განხორცილებისგან. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა პატიმარს ჩაუტარდა რისკის პირველადი შეფასება, დაწესებულებების ვიზიტის შედეგად ნათელი იყო, რომ არცერთმა პატიმარმა არ იცოდა ამის შესახებ და არანაირი გზით არ ყოფილან ამ პროცესში ჩართულნი (არ გამართულა სხდომა/მოსმენა, პატიმრებს არ მიუღიათ წერილობით ინფორმაცია რისკის შეფასების შედეგების და გასაჩივრების პროცედურების თაობაზე). მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა ითვალისწინებს მულტი-დისციპლინური ჯგუფის (ოპერატიული, უსაფრთხოება, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური) ჩართულობას, პრაქტიკაში მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურს ენიჭება გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, რომელიც ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფს სხვა პროფესიონალების დასკვნებს, და ვისი რეკომენდაციებიც, რომელიც საიდუმლოდ ითვლება (და ამ მიზეზით არ ხდება მათი გასაჯაროება შეფასების პროცესში მონაწილეებისთვის, ადვოკატების და პატიმრების ჩათვლით) უმეტესწილად უპირობოდ სრულდება ციხის ადმინისტრაციის მიერ. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პროცედურა ფორმალურად მიმდინარეობს და სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის და ექიმების გუნდის მიერ გაწეული სამუშაო დროის ფუჭად ხარჯვაა. დელეგაციის მიერ გამოკითხული პატიმრების უდიდესი ნაწილისთვის არაფერი შეცვლილა რისკის შეფასების ახალი პროცედურის შედეგად (განსაკუთრებით მათთვის, რომლებსაც „მაღალი რისკის“ კლასიფიკაცია მიენიჭათ და ამის გამო განესაზღვრათ ძალიან მკაცრი რეჟიმი, რომელიც სამარტოო საკანში მოთავსებას უტოლდება).[1]
რაც შეეხება სასჯელის ინდვიდუალურ გეგმას, კომიტეტი აღნიშნავს, რომ მისჯილი პატიმრების უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ არ იყო შედგენილი. თუმცა, ყველა ქალ და არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჰქონდა ინდივიდუალური გეგმა (N11 დაწესებულებაში პირადად გაეცნენ გეგმას და მართლაც დეტალურად და ინდივიდუალურად იყო გაწერილი). კომიტეტს ეცნობა, რომ მამაკაცი მსჯავრდებულებისთვისაც უახლოეს მომავალში შედგებოდა ინდივიდუალური გეგმები.
იქვე კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში ჩართონ მსჯავრდებულები, რათა თავადაც გაეცნონ გეგმებს და მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა გეგმის განხორციელებაში და სოციალური რეაბილიტაციის პროცესში.
ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice აქტიური მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ მოწვეული ექსპერტის, დენი კლარკის მონაწილეობით, საანგარიშო პერიოდში განახლდა რისკებისა და საჭიროებების მეთოდოლოგია. თავდაპირველ სისტემაში არსებულ თვისობრივ მაჩვენებლს დაემატა რაოდენობრივი მაჩვენებლებიც და შეიქმნა ალგორითმი, რომლითაც იზომება რისკი თუ რამდენად შეიძლება პირმა ჩაიდინოს რეციდივი, რამხელა ზიანი შეიძლება მოუტანოს საზოგადოებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემუშავების პროცესშია სპეციფიკური ინსტრუმენტი არასრულწლოვნებისთვის.
განახლებული მეთოდოლოგიის თანახმად, რისკებსა და საჭიროებებს აფასებს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედგება სოციალური მუშაკის და უსაფრთხოების თანამშრომლისგან და რომელშიც საჭიროებისამებრ ერთვება ფსიქოლოგი და ექიმი.
შექმნილია სკრინინგ ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც მსჯავრდებულის პირველი შემოსვლისას დაწესებულებაში სოციალური მუშაკი აკეთებს ზიანის რისკის შეფასებას (დაბალი, საშუალო, მაღალი რისკი). პარალელურად დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება აფასებს სტატიკურ ასპექტებს (ჩადენილი დანაშაული, კრიმინალური წარსული, დაჯგუფებების წევრობა და ა.შ.). ამ ორი შეფასების შეჯერების შედეგად დგინდება მსჯავრდებულის რისკის ჯგუფი. მეთოდოლოგიის მიზანია, სისტემას მისცეს საშუალება, დაგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები განსაზღვრული რისკების პრევენციისთვის.
განახლებული მეთოდოლოგიით მუშაობაში საანგარიშო პერიოდში გადამზადდა N2, N5, N8, N11, N16, N17 დაწესებულებების მულტიდისციპლინური გუნდები.
ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს 2019 წლის ანგარიშის თანახმად, „2019 წლის სექტემბერში N5 და N16 დაწესებულებებში დაიწყო შემთხვევის მართვის და განახლებული შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა (პილოტირების შემდგომი ეტაპი). N17 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის ნოემბრის თვეში დაიწყო განახლებული რისკისა და საჭიროებების ინსტრუმენტის პილოტირება მსჯავრდებულებთან, რომელთაც კალენდარულ გათავისუფლებამდე დარჩენილი აქვთ არაუმეტეს 2 წელი და არანაკლებ 6 თვე. პილოტირების პროცესი ითვალისწინებს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოსთვის წარსადგენი მსჯავრდებულის დახასიათების განახლებული ფორმის ეფექტიანობის დადგენას.”
2020 წლის 12 მარტს, იუსტიციის მინისტრის N502 ბრძანებით დამტკიცდა „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესი (შემთხვევის მართვის წესი)”. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, შემთხვევის მართვის წესი უნდა დანერგილიყო N5 და N16 დაწესებულებების მსჯავრდებულებთან და უვადო მსჯავრდებულებთან. ამავე ბრძანების თანახმად, ციხის დანარჩენი პოპულაციის მოცვა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.
სამწუხაროა, რომ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა - პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშის თანახმად: „2020 წელს, პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელის მოხდის მხოლოდ 85 ინდივიდუალური გეგმა [შედგა]. ასეთი მცირე რაოდენობის გეგმის შედგენა არ არის განპირობებული პანდემიით გამოწვეული ვითარებით, ვინაიდან მაგალითად, 2019 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ იყო გავრცელებული პანდემია, სულ 84 სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა შედგა”.[2]
[1] წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში საქართველოს მთავრობას საქართველოში 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტის შესახებ, სტრასბურგი, 10 მაისი 2019 წელი, პარ. 73.
[2] საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 80.