ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2016-2017 წლებისთვის მონიტორინგის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2017 წლის 3 ოქტომბრის MOC 9 17 00772750 წერილობითი პასუხის თანახმად, 2015 წელს გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია, არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა“.
სპეციალიზაციის კურსი (24 აკადემიური საათი) მოიცავს ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N 668 დადგენილებით განსაზღვრულ შემდეგ სავალდებულო მოდულებს:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები;
ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები;
ძალადობა ბავშვზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე;
დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა.
იმავე წყაროს თანახმად, 2015-2017 წლებში აღნიშნული კურსით სპეციალიზაცია გაიარა პენიტენციური და პრობაციის სისტემის ყველა იმ თანამშრომელმა, ვისაც სამსახურებრივი შეხება აქვს არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან.
ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice ინფორმაციით, ამავე პროექტის მხარდაჭერით, 2018 წლის მანძილზე გრძელდებოდა პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა სასწავლო პროგრამების განახლება.