შეფასება:
ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice აქტიური მხარდაჭერით, საანგარიშო პერიოდში, განახლდა და დაინერგა თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგია პენიტენციური სისტემის სოცმუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგებიც (იხ. ამოცანა 4.3.1). სასწავლო პროგრამები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, მოწყვლადი მსჯავრდებულებთან ურთიერთობის საკითხები და ა.შ.
ევროკავშირის პროექტის ხელშეწყობითვე პრობაციის სისტემის ყველა თანამშრომელი და პენიტენციური სისტემის N2, N5, N8, N16 და N17 დაწესებულებების რეჟიმის თანამშრომლები (როგორც მულტიდისციპლინური გუნდის წევრები) გადამზადდნენ რისკებისა და საჭიროებების შეფასების განახლებულ მეთოდოლოგიაში.
სამწუხაროა, რომ პროგრესს გარკვეულწილად ანელებს გადამზადებული კადრების გადინების პრობლემა და ზოგადად, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით მომუშავე კადრების ნაკლებობა პენიტენციურ სისტემაში. შესაბამისი საკადრო უზრუნველყოფისა და სტაბილურობის პირობებში, განახლებული სასწავლო პროგრამები და რეგულარული ტრენინგები სასურველი შედეგის მიღწევის ეფექტიანი საშუალება გახდება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2019 წელს დამტკიცებულ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით[1] გათვალისწინებული აქტივობის - G2.2 თანამშრომლების აყვანის, შენარჩუნების და თანამშრომლების ჩართულობის/მოტივაციის სტრატეგიის განვითარება - შედეგიანად განხორციელება.[2]
[1] საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის ბრძანება N385 “პენიტენციურის და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე”
[2] პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2019 წლის დეკემბრისთვის უკვე უნდა ფუნქციონირებდეს თანამშრომელთა აყვანის ახალი სისტემა