როგორც საქმიანობა 4.2.1.5-ის შესრულების შეფასებაში აღინიშნა, იმჟამინდელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენინგები წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადების პროგრამების შემადგენელ ნაწილს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice, გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN Women და არასამათავრობო ორგანიზაცია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მონაწილეობით შემუშავდა ძალადობის მსხვერპლი ქალების გამოვლენის ინსტრუმენტი, ასევე, ადაპტირებული სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც გულისხმობს ჩაღრმავებულ მუშაობას ძალადობის მსხვერპლ ქალებთან. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გადამზადდნენ პენიტენციური და პრობაციის სისტემის თანამშრომლებიც.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “[2018 წლის] 4-8 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, პენიტენციურ სისტემაში მომუშავე თერაპევტებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა, რომელიც რეაბილიტაციის პროგრამის კუთხით მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.”